პოლიტიკა
ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, გამოსავალი კი ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაა - აკაკი ზოიძე
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, ის ეწინააღმდეგება ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზებას, თუმცა მხარს უჭერს მათ დეკრიმინალიზაციას.
„ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, რადგან ყველა ნარკოტიკული საშუალება შეიცავს რისკებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. გამოსავალი კი ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, პრევენციაში ფულის ჩადება და ნარკორეალიზაციასთან დაუნდობელი ბრძოლაა, მათ შორის გამკაცრება სააფთიაქო ნარკომანიის“,- თქვა ზოიძემ.
დეპუტატის განმარტებით, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიზანია ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირება და ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა.
„მიგვაჩნია, რომ გავატარებთ ისეთ რეფორმას, რომელიც იქნება ჩვენი საზოგადოების ინტერესებში და რომელიც შეამცირებს ნარკომომხმარებელთა რაოდენობას.
მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომ მიგვეღწია კონსესუსისთვის, მათ შორის გუნდის შიგნითაც. ჩვენი პოზიციაა, ნარკოტიკების მომხმარებელი, თუ ის სხვა დანაშაულს არ ჩადის და მხოლოდ მოიხმარს და მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება აქვს პირადი მოხმარებისთვის, ამ შემთხვევაში მას ჩამოერთვას ეს ნარკოტიკი. თუ განმეორებითია, ადმინისტრაციული სანქციები დაეკისროს და გადაიგზავნოს გადარწმუნებისა და შეფასების კომისიაში, სადაც არის ექიმი, იურისტი, ეკლესიის წარმომადგენელი, სოციალური მუშაკი და მათ იმუშაონ ამ ადამიანთან.
თუ ის არის წამალდამოკიდებული, მას ვუმკურნალოთ, ჩავატაროთ პრევენცია. კანონპროექტში იმაზეა საუბარი, რომ ვუშველოთ ადამიანს“,- განაცხადა ზოიძემ.