უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
პოლიტიკა
ლევან ვეფხვაძე: ხალხის გადასაწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს ხელისუფლებას, რომელიც სახლების დანგრევით ემუქრება 13.05.2012 18:10

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების” წევრის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მასში გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ე.წ. ბარაკების დანგრევაზე ისე საუბრობს, რომ სანაცვლოდ იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას არაფერს ჰპირდება.

,,ასეთი ბარაკებია ნაძალადევში, საბურთალოზე, ორთაჭალაში, ვაკეში. ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ასეთი სახლებია და რომლებიც დაკანონებული არ არის. თავის დროზე, 30-40 წლის წინ, ეს სახლები თვითნებურად აშენდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათი დაკანონება აღარ მოხდა. თუ სახელმწიფო გრძელვადიან პროგრამას შექმნის, რომ ეს ბარაკები დაანგრიოს და ამ ხალხს პირობები გაუუმჯობესოს, ბუნებრივია, კარგი იქნება, მაგრამ როცა საუბრობენ იმაზე, რომ ეს უნდა დაინგრეს და სანაცვლოდ არაფერზე არ არის საუბარი, ეს უკვე ცოტა გაკვირვებას იწვევს. ხელისუფლებამ 2008 წელს გამოაცხადა, რომ მოხდებოდა ამ სახლების დაკანონება, მიუხედავად ამ პროგრამისა, ხალხი მივიდა, რომელთაც დაკანონება უნდოდათ და მაინც არ დაუკანონეს. ეს ხალხი მოატყუეს. ესეც შესაძლებელია ამ ტყუილის გაგრძელება იყოს, თუმცა ეჭვი მეპარება არჩევნებამდე ხელისუფლებამ ეს გაბედოს”, _ აღნიშნა ვეფხვაძემ.

მისი თქმით, ამ ხალხის გადასაწყვეტი იქნება, დაუჭერს თუ არა იმ ხელისუფლებას მხარს, რომელიც სახლების დანგრევით ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიური უბედურების ადგილას, ორთაჭალაში იმყოფებოდა.

,,ჩვენ უნდა აღვწეროთ ეს ბარაკები და უნდა გავეკთოთ პროგრამა თუნდაც რამდენიმე წელზე გაწერილი, რომ თბილისში ბარაკები აღარ იყოს. მესმის რომ ჩამოდის ხალხი, მესმის რომ სამუშაოს მაძიებლები არიან, მესმის რომ სხვადასხვა ცხოვრების პირობები შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაც უნდა გავეკთოთ, რომ ასეთ პირობებში არსად არვინ, მითუმეტეს სარისკო ზონაში არ იცხოვროს”-აღნიშნა სააკაშვილმა.