ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე არაკონდიცირებული საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს.
მისი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ასევე დადებით ტენდენციებს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, პრემიერისთვის წარდგენილ კვლევაში - “საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“, რომელიც ჩატარდა საქართველოს ბიზნესასოციაციაში, ობიექტურად იყო ნაჩვენები ის დადებითი მხარეები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოხდა.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა. პირადად მე დავაყენე საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ძირითადად ქვეყნის დიდი ქალაქებია. მოვითხოვე აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა, კერძოდ საუბარია დიზელის საწვავზე, რომელიც პრაქტიკულად ქალაქებში, კერძოდ თბილისში, ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევია. ქალაქის დაბინძურების 67% საწვავზე მოდის. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება. იმედია, ვიხილავთ საკმაოდ მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.