უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე აღავლენს. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს. მორწმუნეები მას ავადმყოფობის დროს ან ყოველდღიურად იღებენ და სახლში ასხურებენ.
ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება.
მაცხოვრის ნათლისღებისას მოხდა სასწაული, გამოჩნდა სულიწმინდა, მტრედის სახით, დაშვებული მაცხოვარზე და მამის ხმა ადასტურებდა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. სწორედ ამ ხილვის გამო ნათლისღებას ეწოდა მეორე სახელი – განცხადება. სრული სახით ღმერთი გამოჩნდა ნათლისღების დროს, ამიტომაც არის ნათლისღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. წმინდა სამება მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა რა იყო. ამ დღეს კი ნახა – მამა ზეციდან, ძე – წყალში მდგომარე და სული წმინდა მტრედის სახით გადმოსული”.