“მერეთის ჩხუბის მონაწილის გიორგი მაისურაძის საკრებულოს წევრობა დასტურდება”
30.06.2012 14:04
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, “მერეთის ჩხუბის მონაწილის გიორგი მაისურაძის საკრებულოს წევრობა დასტურდება”.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე იმ პირის სახელი და გვარი ამოიკითხა, რომელიც სოფელ მერეთში 26 ივნისს კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრს, ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ მოკრივეებთან ერთად, ურტყავდა. ეს გახლავთ გიორგი მაისურაძე, ზედმეტსახელად ,,რიჟა”.
ჩხუბში გიორგი მაისურაძის მონაწილეობის ამსახველი ფოტო მასალა ვიდეოკადრების მეშვეობით გავრცელდა. გიორგი მაისურაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე (2012 წლის 29 ივნისის მდგომარეობით) მოხსენიებულია, როგორც საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი.
საინფორმაციო ცენტრმა, 27 ივნისს, გორის საკრებულოდან თვითმმართველობის ერთეულში დასაქმებულ პირთა სია გამოითხოვა. საკრებულომ ინფორმაციის გასაცემად 10 დღიანი ვადა მოითხოვა, - იუწყება გორში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი.




















