უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აპრილი, 2018 13:55
font-size

მესამე სექტორი ემზარ კვიციანის ინიციტივას „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ შემაშფოთებელს უწოდებს

10 არასამთავრობო ორგანიზაცია შემაშფოთებელს უწოდებს დეპუტატ ემზარ კვიციანის საპარლამენტო ინიციატივას, რომლის თანახმად რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდება.

მესამე სექტორის შეფასებით, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.

„უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლმენტის წევრის ემზარ კვიციანიის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის“ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრები იზიარებენ პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. გავრცელებული ინფორმაციით კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება კანონპროექტის შემუშავებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან.

დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 1551 მუხლი, რომლის თანახმადაც დასჯადი ხდება „რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას“, ამასთან დასჯადი გახდება „რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.“ აღნიშნული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახეებად განსაზღვრულია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირაა მითითებული, რომ მისი მიღება განპირობებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ ბოლო დროს გახშირებული ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფით.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ამგვარად შეზღუდვის პირველი შემთხვევა. მსგავსი ინიციატივები პარლამენტში 2013 და 2016 წლებშიც დაფიქსირდა, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ინიციატივამ (რომელიც წინა შემთხვევებში მსგავს ქმედებებზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებდა) მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება პლატფორმამ არაერთხელ დააფიქსირა. ინიციატივას გამოეხმაურა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოც.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

ამგვარი ინიციატივა ცალსახად მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რომლითაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის იმგვარი გამოხატვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოების გარკევული ნაწილისთვის იყოს შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (რომელიც თავის მხრივ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს ეყრდნობა) “დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს“.

ინიციატივა არ შეესაბამება არც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა სასამართლს არაერთხელ უთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული სფერო მოიცავს „არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეებს, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მათ მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს“.რელიგიური იდეების კრიტიკის შესაძლებლობაზე და ამგვარი კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულებაზე საუბრობენ ვენეციის კომისია და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებიც.

ნებისმიერი რეგულაციისა თუ პასუხისმგებლობის ზომის მთავარი ადრესატები პირველ რიგში საზოგადოების ის ჯგუფები უნდა იყვნენ, რომლებიც განიცდიან ჩაგვრასა და დისკრიმინაციას უმრავლესობის მხრიდან. ნებისმიერ იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მსგავსი ქმედებისათვის, იგი მიმართულია არა დომინანტი ჯგუფების გასაძლიერებლად (რომლებსაც ისედაც აქვთ საკმარისი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად), არამედ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. ამის საპირისპიროდ, შემოთავაზებული ინიციატივით დასჯადობის შემოღების მთავარ მიზანს საზოგადოებაში დომინანტური რელიგიური გაერთიანების - მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული კრიტიკის ჩახშობა წარმოადგენს.

განმარტებით ბარათში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე დაიცვას რელიგიური გრძნობები. გასათვალისიწინებელია, რომ არც საქართველოს კონსტიტუცია და არც რაიმე საერთაშორისო კონვენცია არ იცნობს ამგვარ უფლებასა თუ შესაბამის ვალდებულებას. რელიგიური გრძნობებისგან დაცვა არ მოიაზრება არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის ნაწილად, რომელიც რელიგიის თავისუფლებას იცავს. ამდენად, სახელმწიფოს არ გააჩნია რაიმე ვალდებულება დააწესოს მსგავსი რეგულაცია, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ცნება საკმაოდ ბუნდოვანი და სუბიექტურია.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გარკვეულმა ჯგუფებმა ძალადობრივად გამოხატეს უკმაყოფილება მხატვრების, მწერლების, ჟურნალისტების მიმართ[4] სწორედ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” საბაბით. მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში პლურალიზმის, დისკუსიისა და კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობას, მათ შორის მიმართული იქნება ხელოვნებისა და მედიის წინააღმდეგ.

სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს ძირითად პოლიტიკას უნდა გეგმავდეს და ზრუნავდეს მათ მიერ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაზე (მათ შორის ამ მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრაზე), უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის და საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის ჩახშობის ხელშემწყობად გვევლინება.

ამდენად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ყურადღება მიაქციოს როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს და არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას არც ამ და არც რაიმე სხვა ფორმით“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), თანასწორობის მოძრაობა, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI), შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

19 ნოემბერი, 2019 , 20:10

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტი 17 ნოემბერს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და

პარლამენტთან აქცია განახლდა

19 ნოემბერი, 2019 , 20:10

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია გრძელდება. სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე პროპოციული სისტემით არჩევნების ჩატარებას კვლავ ითხოვენ. ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შესახებ აქციაზე განცხადებას

„გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ“ - რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

19 ნოემბერი, 2019 , 19:10

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე ამბობს, რომ &bdqu

თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზების ფაქტები გამოვლინდა

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ე.წ. თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება

19 ნოემბერი, 2019 , 18:15

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდ

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მსოფლიოში უმსხვილესი საინჟინრო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ამოქმედდება

19 ნოემბერი, 2019 , 18:15

საქართველოში დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის“ (ICE) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება. მსოფლიოს ამ უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობა საქართველოს ტექნიკუ