საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ რამდენიმე წელიწადში ბათუმის უნივერსიტეტებში 20-25 ათასი სტუდენტი ისწავლის. როგორც პრეზიდენტმა დღეს ბათუმში ქართველ მეზღვაურებთან შეხვედრისას განაცხადა, სტუდენტების გაზრდილი რაოდენობა ქალაქს არა საკურორტო სეზონის განმავლობაში დამატებით მუხტს მისცემს.
“სექტემბერში აქ ვხსნით ბათუმის, უფრო სწორედ საქართველოს ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომლის კამპუსები იქნება თბილისშიც და ბათუმშიც. იქ ისწავლის რადმენიმე ათასი სტუდენტი. თქვენ იცით, რომ ჩვენ, ასევე ვლაპარაკობთ ევროკომისიასთან, რომ ევროკავშირმა აქ, ბათუმში, თავისი უნივერსიტეტი გახსნას და იქაც იმედია, რომ რამდენიმე ათასი სტუდენტი ისწავლის. ეს ნიშნავს იმას, რომ ბათუმში სტუდენტები მთელი რეგიონიდან ჩამოვლენ და ეს იქნება მეორე დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი. პირველი იქნება ამერიკული და მეორე - დიდი ევროპული უნივერსიტეტი. გარდა ამისა, აქ არის ბათუმის არსებული უნივერსისტეტი, რომელსაც განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება, მაგრამ ამ პროფილის ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულება აქ და ალბათ, მთლიანად შავი ზღვისპირეთში იქნება ყოფილი საზღვაო ტექნიკუმი, საზღვაო აკადემია. ჩვენი მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმით სამ წელიწადში აქ 15 ათასი სტუდენტი ისწავლის, საერთო ჯამში კი გამოდის, რომ ბათუმში 20-25 ათასი სტუდენტი იქნება, რაც ბათუმს გააცოცხლებს, ენერგიას და ეკონომიკურ აქტიურობას მისცემს. თითოეულ ბათუმელს უკეთესად ცხოვრების საშუალება ექნება”, - განაცხადა პრეზიდენტმა.




















