უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
მიხეილ სააკაშვილი: პრეზიდენტიც, მინისტრებიც, მილიონერებიც ერთნაირ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ 28.05.2012 19:23

`ამიერიდან პრეზიდენტიც, მინისტრებიც, მილიონერებიც და თითოეული თქვენგანი, ყველა არის თანასწორი”, _ ეს განცხადება პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში ახალი კლინიკის გახსნისას მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველა ადამიანი იქნება ერთნაირ პალატაში, ერთნაირ კლინიკაში, მიიღებს ერთნაირ სამედიცინო მომსახურებას, ერთნაირად იქნება ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

,,აქ არის პრომეთეს მღვიმე. პრომეთეს იდეა არის ის, რომ პრომეთემ ღმერთს მოსტაცა ცეცხლი და მისცა ხალხს. ჩვენ გამოვტაცეთ ძალაუფლება ერთი და იგივე ქუჩაზე მცხოვრებ ერთი და იგივე ხალხს, ცხვირაწეულებს, რომლებსაც არავინ უყვართ და მთელი ცხოვრება ზემოდან დაჰყურებდნენ ხალხს.
პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლით პოლიტიკური ხელისუფლება გამოვტაცეთ ამ ჯგუფს”, _ განაცხადა პრეზიდენტმა.

,,ეს არის სიმბოლო ახალი საქართველოსი”, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

,,ძალიან კარგად ვიცი, რომ ქუთაისში ყველა ისე არ ცხოვრობს, როგორც ეს პარლამენტია მოწყობილი. ვიცი, რომ ქუთაისში წყალი არის გრაფიკით. კარგად ვიცი, რომ მარტო ფასადების მოშენებით თქვენი საყოფაცხოვრებო პრობლემა არ წყდება. მაგრამ ერთი რამ არის _ საიდანღაც უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი”, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: ახალი, ოთხსართულიანი სამედიცინო ცენტრი ქუთაისში სადაზღვეო კომპანია ,,ალდაგი ბი-სი-აიმ” ააშენა. ოფიციალური ცნობით, 100-საწოლიანი კლინიკა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი და იქ 300-მდე თანამშრომელია დასაქმებული.