უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: შევარდნაძის დროს მერია მავნებლების დიდი ბრიგადა იყო 11.05.2012 18:35

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ გზაზე ახალი მაგისტრალისა და თამარაშვილის ქუჩამდე გამავალი 204-მეტრიანი გვირაბის მშენებლობა დაათვალიერა.

სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის სექტემბერში დასრულდება.

პროექტის დეტალები პრეზიდენტს თბილისის ვიცე-მერმა დავით ნინიძემ გააცნო.

,,ამით გადმოხვალთ პეკინს, საბურთალოს ქუჩას, ბახტრიონს. აქ პრობლემა ის არის, რომ 1990-იან წლებში მერიაში საშინელი კორუფცია იყო, გასცეს ნებართვები, რის შედეგადაც ყველამ შეყარა მრავალ სართულიანი კორპუსები, მკვეთრათ გაიზარდა მოსახლეობა, ვერ მიყვა ინფრასტრუქტურა, ქუჩები დავიწროვდა და მივიღეთ საცობები ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ქალაქში არ იყო არა მარტო დაგეგმარება, არამედ ყველას უნდოდა აქ ცხოვრება. მერიაში ისხდნენ ჩინოვნიკები, რომლებსაც უნდოდათ ფულის აღება; მშენებლები, რომლებსაც უნდოდათ ხელის მოთბობა ბევრი მათგანი გაიქცა და მშენებლობა მიატოვა, ძალიან ბევრმა უხარისხოდ ააშენა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამიტომ ამის განმუხვტა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას რომ უყურებ ხვდები, რომ მერია შევარდნაძის დროს მართლა მავნებლების დიდი ბრიგადა იყო. რეალურად, თბილისის ცენტრს თუ რამე ეშველებოიდა მოძრაობის თვალსაზრისით, მე თვითონაც ბოლომდე არ მჯეროდა. ამ ყველაფერს, რომ დავამთავრებთ პრაქტიკულად თბილისის ცენტრში შეუფერხებელი მოძრაობა იქნება”, _ აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ახალი აგრარული ბაზრის მშენებლობაც დაათვალიერა.

ოფიციალური ცნობით, დეზერტირების ბაზარზე ორსართულიანი საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. აქვე იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, სადაც თითოეული პროდუქტი სათანადოდ შემოწმდება. ასევე, მოეწყობა 200 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი. სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული.

დღესვე პრეზიდენტმა რიყის პარკის განაშენიანების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის, მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობაც მოინახულა, რომლის არქიტექტურაც ცნობილ იტალიელ არქიტექტორს მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის. უკვე დასრულებულია შენობის ფუნდამენტისა და მიწისქვეშა სივრცის მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს მიწისზედა კონსტრუქციის მშენებლობა, რომლის პარალელურად გარე არქიტექტურული ელემენტების სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება.