მიხეილ სააკაშვილი: თბილისის აეროპორტი ძალიან მოუქნელად მუშაობს
12.05.2012 10:17
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბილისის აეროპორტი ძალიან მოუქნელად მუშაობს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება "მერკური 2012"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მოუქნელად მუშაობს კომპანია "ტავ ჯორჯია", რომელიც თბილისის აეროპორტს უწევს ექსპლუატაციას.
"ამიტომ, ჩვენ ქუთაისის აეროპორტის სახით, შევუქმნით მას კონკურენციას და არ უნდა ეწყინოთ. ხალხს საქართველოში უჭირს და მათ სჭირდებათ იაფი ბილეთები. საქართველოდან ევროპაში ფრენა, იმის გამო რომ კომპანია არის მოუქნელი, ძალიან ძვირია. ჩვენ გვჭიდრება, რომ ჩვენმა ხალხმა უცხოეთში იაფად იმოგზაუროს, ისწავლოს, უბრალოდ დასასვენებლად წავიდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი, რომელიც სექტემბერში უნდა გაიხსნას, იაფი ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი.
გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, ფოთის აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ზაფხულისთვის დასრულდება.


















