სამართალი
მხოლოდ მინდია გოგოჭურის მიმართ იყო აქცენტი, დანარჩენი ორი ადამიანის მიმართ კი ოპერატიული ინფორმაციაც არ არსებობდა - ადვოკატი
მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობრების გამოკითხვა დასრულდა.
საგამოძიებო უწყებაში თორნიკე კაჭარავა და მიხეილ თათარაშვილი გიორგი მარგველაშვილის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე იყვნენ დაბარებული.
მათ საგამოძიებო ორგანო უკომენტაროდ დატოვეს, თუმცა, საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა.
ადვოკატი პრეზიდენტის სიძის მიმართ, სამართალდამცველთა მხრიდან დაინტერესებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ბარათაშვილის ინფორმაციით, 28 ივნისს კაჭარავა და თათარაშვილი პრეზიდენტის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც მოხდა მათი ავტომობილის ჩხრეკა.
„ისინი დაინტერესებულნი იყვნენ მხოლოდ მინდია გოგოჭურით. სამივე ამ ადამიანს უთხრეს, რომ დაინტერესება იყო მხოლოდ მის მიმართ, თუმცა ეს პიროვნებები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები, დაერღვათ საპროცესო უფლებები. ამავე დროს შედგენილია გადაუდებელი ჩხრეკის სამი დადგენილება, თუმცა ჩხრეკა ჩატარდა მხოლოდ გოგოჭურის სახლში, ხოლო თათარიშვილისა და კაჭარავას სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა. მხოლოდ მინდია გოგოჭურის მიმართ იყო აქცენტი, დანარჩენი ორი ადამიანის მიმართ კი, ოპერატიული ინფორმაციაც არ არსებობდა. ამასთან, სამივე ადამიანი ამბობს, რომ ჩხრეკის შესახებ დადგენილება გადაეცათ არა ჩხრეკის დაწყებამდე, არამედ მისი დამთავრების შემდეგ“, - განაცხადა ბარათაშვილმა.
მთავარ პროკურატურასთან დღეს იმყოფებოდა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურიც.
შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე ის საგამოძიებო უწყებაში გუშინ დაიკითხა.