`მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს~
10.08.2012 19:00
ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიის იურისტები აქტიურად იყვნენ ჩართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში,რომლის ფარგლებშიც განიხილეს დოკუმენტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე.
თაქთაქიშვილის განცხადებით, ეს დოკუმენტი და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები უკვე გაეგზავნა პარტიის როგორც თბილისის, ასევე რეგიონულ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს.
,,ჩვენ ჩვენი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მივაწოდეთ ის ორი რეკომენდაცია, რომელიც შემუშავებული იქნა უწყებათაშორისი კომისიის მიერ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც გადადგამს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმისათვის, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი პარტიის აქტივისტების, მოხალისეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება“, _ განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.


















