პოლიტიკა
მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის ბლოკირებაში, რადგან ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება - მამუკა მდინარაძე
უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს.
მისი თქმით, ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს.
"ვფიქრობ, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად პარლამენტმა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იმუშაონ გამართულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონდარღვევა - პარლამენტის შენობის ბლოკირება. შსს-ს განცხადება, ამ მხრივ, აბსოლუტურად რელევანტურია. ეს არ არის მხოლოდ შსს-ს პოზიცია. ასეთი იყო აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც, სადაც მათ მიუთითეს, რომ პროტესტი კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს. პოლიციასა და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის ბლოკირებაში, რადგან ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა მდინარაძემ.