უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
მსგავს დროს არაა გამართლებული სპეკულაციები - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა დღეს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ. მან მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა სამართალდამაცველს, ასევე მოუწოდა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან.
„მოგეხსენებათ, სამი დაჭრილია, მათ მალე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას: სპეცრაზმის თანამშრომლებს, როგორც სუს-იდან, ასევე განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შსს-დან. მათი გმირობის შედეგად მივიღეთ, რომ განეიტრალდა საფრთხე.
მინდა, ასევე ვთქვა, რომ პოლიტიკოსები ან სხვადასხვა ექსპერტი, რომლებიც სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამენ, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არაა გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები და მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას და ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ასეთი ტიპის შეკითხვებს პასუხი გაეცემათ, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი.
ასევე მინდა, ვთქვა, რომ ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმის, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამე შიში არსებობდეს, არაა.
ჩვენმა გმირმა ბიჭებმა შეძლეს, რომ გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო. ასევე მინდა გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ დიდი ხანი გაგრძელდა და ა.შ.. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, სხვანაირი მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო, მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო და ეს ჩვენმა სპეცრაზმის თანამშრომლებმა შეძლეს. ჩვენ გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები სხვა ქვეყნებში, სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორიენტირებული. ჩვენ სხვა სტილი გვაქვს, სხვა ხელწერა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად მოიტანა ეს შედეგი, რაც ახლა გვაქვს“, -თქვა პრემიერმა.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 20 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, სამი კი ლიკვიდირებულია. სუს-ის ინფორმაციით, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი, ხოლო 4 სამართალდამცველი დაჭრილია.
ანა მებურიშვილი