ეკონომიკა
მსოფლიოს უმსხვილესი პორტოპერატორის ვიცეპრეზიდენტმა ანაკლიაში პორტის ტერიტორია დაათვალიერა
ანაკლიის პორტით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი დაინტერესდა. კომპანია SSA Marine-ის ვიცეპრეზიდენტი, ბობ უოთერსი ანაკლიას ეწვია და პორტის ტერიტორია დაათვალიერა.
უოთერსის თქმით, კომერციული თვალსაზრისით ანაკლია ძალიან კარგი ადგილია პორტის ასაშენებლად.
,,ჩვენ მზად ვართ, ანაკლიის პორტის დასრულების შესახებ მას ოპერირება გავუწიოთ. უკვე ერთი კვირაა საქართველოში ვიმყოფებით და შევისწავლეთ პროექტის საინჟინრო ნაწილი. კომერციული თვალსაზრისით ეს ძალიან კარგი ადგილია პორტის ასაშენებლად’’, - განუცხადა ჟურნალისტებს პორტის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ ბობ უოთერსმა.
აშშ-ის უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, SSA Marine წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს. SSA Marine-ის საქმიანობის სფეროს ასევე განეკუთვნება მშრალი ტვირთის დამუშავება და სამგზავრო-საკრუიზო გადაყვანები.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის ოპერატორის გამოსავლენად მოლაპარაკებებს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კომპანიასთან მართავს.
გადაწყვეტილება 2017 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოცხადდეს. სამშენებლო სამუშაოები კი ზაფხულში უნდა დაიწყოს.
ნინო ექვთიმიშვილი