მთავრობის „ხელშეკრულება საქართველოსთან“ სამართლებრივი ნონსენსია _ „ახალგაზრდა ადვოკატები“
20.07.2012 16:57
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვს შეთავაზებული მრავალმხრივი სახელშეკრულებო პირობა სახელშეკრულებლო სამართლის პრაქტიკისათვის ნონსენს წარმოადგენს. ფორმალური ხასიათით კი პირობიან გარიგებას გულისხმობს, არის წინარე ხელშეკრულების სახეობა და შინაარსით დისკრიმინაციულია.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართლებრივი თვალსაზრისით , წინარე ხელშეკრულება გამომდინარეობს ძირითადი ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ახალ ვალდებულებებს. ახალი ვალდებულება კი წარმოიშობა ძირითადი ხელშეკრულების იმ ვალდებულების დარღვევიდან, რომელიც უკვე არსებობს.
„ყოფითი ტერმინოლოგიით შეიძლება ვთქვათ, რომ 2003-2012 წლებში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობა აღიარა და ახალი მანდატისათვის საზოგადოებას წინარე ხელშეკრულების სახით ახალი მხარდაჭერის სურვილი შესთავაზა“, _ განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა და დასძინა, რომ საქმე გვაქვს ფორმით დაუცველად დადებულ გარიგებასთან, რაც კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად მიჩნეულია როგორც ბათილი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც ამომრჩევლები და მოქალაქეები, დოკუმენტთან დაკავშირებით იყენებენ თავიანთ კანონიერ უფლებას და აღმასრულებელ ხელისუფლებას სთავაზობენ ხელშეკრულებაში კიდევ ექვსი პუნქტის დამატებას, რაც გულისხმობს: 1. მედიის თავისუფლების საკითხს, 2.სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს, 3. უფასო უმაღლესი განათლების საკითხს, 4.ბიზნესის თავისუფლების საკითხს, 5. პენიტენციური სისტემის ლიბერალიზაციის საკითხს 6. ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ადაპტაციის საკითხს.
როგორც არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, ამ უკანასკნელის დოკუმენტში არარსებობა და იგნორირება პირდაპირ მიუთითებს დოკუმენტის დიკრიმინაციულობაზე.


















