პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე გახდა
პოლიტიკური მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალი ლიდერი ჰყავს - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა.
"სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის ახალი შემადგენლობისა და გეგმების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
პარტიის წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე მადლობას უხდის საზოგადოებას მაღალი ინტერესისთვის. მან ასევე პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა წარადგინა.
„ძალიან ფართო და სიღრმისეული, შრომატევადი მოლაპარაკებების შედეგად წარმოგიდგენთ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვყავს ახალი პოლიტიკური საბჭო საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული და ამ საბჭომ თავის თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს საუკეთესო მოქალაქე, ნატო ჩხეიძე. ჩვენი პარტია, ქალბატონი ნატოს მეოხებით, გავხდით საპარლამენტო პარტია და ამისთვის მადლობას მას და მის მეუღლეს ზაზა ოქუაშვილს. მადლობა იმ დამსახურებისთვის, რაც მათ მიუძღვით ქართული ოპოზიციისა და ქართული დემოკრატიული საზოგადოების წინაშე, იმ ბრძოლის საქმეში, რომლესაც ჰქვია ოლიგარქიის დამარცხება და ქართული სახელმწიფოს აღდგენა“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას საზოგადოებას დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მიესალმა და განაცხადა, რომ პოლიტიკოსისთვის აუციელებლია გუნდურობა, გუნდის წევრობა, მით უფრო ოპოზიციური გუნდის წევრობა, როდესაც ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას.
„დამოუკიდებელი დეპუტატობა კარგი რამ არის პარლამენტში, რადგან გადაწყვეტილებებს სრულიად დამოუკიდებლად იღებ. პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდურობა, გუნდის წევრობა, რადგან პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგა და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში, მითუმეტეს აუცილებელია ოპოზიციური გუნდის წევრობა, მაშინ როდესაც აშკარად ხედავ, რომ ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას და აშკარად სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ცუდი მთავრობის შეცვლა. მივიღე შემოთავაზება, ვყოფილიყავი მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი, რადგან ამ პარტიის სახელწოდებაში განსხეულებული სათაური „სახელმწიფო ხალხისათვის“ არის ჩემი პოლიტიკური კრედო, რომ სახელმწიფო არსებობს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენი წინაპრების ცხოვრება გვასწავლის, როგორ უნდა ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნისთვის, მათი თავდადება სახელმწიფოსთვის გვასწავლის, როგორ უნდა ვიყოთ თავგანწირული ჩვენი მომავლისთვის. გაერთიანებული ოპოზიცია არის ის, ვისაც შეუძლია ამ მატყუარა და კრიმინალი მთავრობის შეცვლა. ჩვენ ვართ ის, ვინც უნდა მივცეთ მომავალი ხალხს. მადლობა ნდობისთვის და ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ თქვენი ნდობა გავამართლო“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.