უკან

პოლიტიკა

29 მაისი, 2017 13:50
font-size

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია

თბილისში მიმდინარე ნატოს საგაზაფხულო სესიაზე ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი სესიაზე საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა რასა იუკნევიციენემ წარადგინა.

ქართული მხარის ინიციატივით, შესწორება შევიდა მე-18 მუხლში. ცვლილებების მიხედვით, ასამბლეა ავალდებულებს რუსეთს, უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება და ვაჭრობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

„მედიანიუსი“ დეკლარაციის სრულ ტექსტს გთავაზობთ:

„ასამბლეა
1. ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების 99-ე და დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს.

2. მოწოდებულია კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბერს აირჩიეს კონკურენტუნარიან და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები საზოგადოდ იყო დაცული.

3. ადასტურებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას ყველა იმ ევროპული დემოკრატიის მიმართ, რომელიც იზიარებს ალიანსის ფასეულობებს და სურვილი და უნარი აქვს, იკისროს წევრობის ვალდებულება; ხაზს უსვამს, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის მოკავშირეებისა და ასპირანტი ქვეყნის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და მასზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია მესამე ქვეყანას.

4. დარწმუნებულია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გზა სტაბილურობისკენ და რომ გაფართოების წინა ეტაპებმა გააძლიერეს როგორც ევროატლანტიკური, ისე გლობალური უსაფრთხოება.

5. უაღრესად აფასებს საქართველოს განგრძობად და მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მის შთამბეჭდავ მონაწილეობას. პატივს მიაგებს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა დაღუპულსა და დაჭრილს.

6. ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, რომელიც გამოხატულ იქნა, მათ შორის 2015 წლის მაისის ბუდაპეშტში მიღებულ 419-ე დეკლარაციაში ნატო-ს გაფართოების თემაზე და 2016 წლის ნოემბერში სტამბულში მიღებულ 431-ე რეზოლუციაში ნატო-ს ვარშავის შემდგომი თავდაცვისა ად შეკავების პოლიტიკის თაობაზე. ეფუძნება რა 2008 წლის 3 აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის დებულებებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა.
7. აღფრთოვანებულია რა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან არსებული მაღალი დონის უწყვეტი მხარდაჭერით.

8. მიესალმება ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას, მათ შორის, ისეთი ინტეგრაციული მექანიზმების საშუალებით, როგორებიცაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

9. აღიარებს რა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს, რაც აძლიერებს საქართველოს მდგრადობას და თავდაცვით შესაძლებლობას, ზრდის მოკავშირე ძალებთან თავსებადობას და ეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებაში.

10. მიესალმება ნატო-სა და საქართველოს ერთობლივ ძალისხმევას 2016 წლის ივლისში გახსნილი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების მიმართულებით, ისევე როგორც 2015 წლის აგვისტოში გახსნილი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ოპერაციული შესაძლებლობების მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და 2016 წლის ნოემბერში ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების ჩატარებას.

11. ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს რა მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.

12. ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აღიარებს რა საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიულ დისკუსიებში და მიესალმება ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ამ საკითხში მიმდინარე დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით.

13. მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიერ დემოკრატიის კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციისთვის, მისი ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ თანმიმდევრულ და მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მთელი რეგიონისთვის ძალიან პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს. მხედველობაში იღებს რა, რომ შემდგომი ძალისხმევაა საჭირო კანონის უზენაესობისა და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის განსამტკიცებლად, მედია-პლურალიზმის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად.

14. ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიღმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების მუდმივად დარღვევას და რუსეთის მიერ ამ რეგიონების დე-ფაქტო ანექსირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე ამ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

15. მიესალმება რა საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის შესახებ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯების ჩათვლით, ასევე მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და თბილისის ძალისხმევას ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობით.

16. მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს:
ა) უზრუნველყონ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა.
ბ) კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისანიჭებლად.
გ) სრულად მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციაში და განიხილონ დამატებითი პრაქტიკული გზები საქართველოს მხარდასაჭერად ძალისხმევის გააქტიურებაზე, მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი რეგულარული ან ორმხრივი სწავლებების ჩატარების გზით და მისი საზენიტო და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობით.
დ) დაეხმარონ საქართველოს გააძლიეროს შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგოს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის ჩათვლით, რომელიც მიმართულია პროდასავლური სტრატეგიული კურსის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის აღმოსაფხვრელად.
ე) კიდევ უფრო განავითარონ საქართველოსთან, როგორც ასპირანტ ქვეყანასთან შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა.

17. მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:
ა) ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის წინსვლის მიზნით სრულად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივაში მისი მონაწილეობა და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი იძლევა.
ბ) გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, შეინარჩუნოს შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედიაპლურალიზმი, გააღრმაოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

18. მოუწოდებს რა რუსეთის ფედერაციას:
ა) უზრუნველყოს (რუსეთის ფედერაციამ) თავისუფალი გადაადგილება და ვაჭრობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
ბ) პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.
გ) შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.
დ) უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან.
ე) ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

19. იღებს ვალდებულებას, როგორც წარსულში, ნატო-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით“, - წერია დეკლარაციაში.

შეგახსენებთ, 26 მაისიდან თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება, რომელიც დღეს დასრულდება.

ანა მებურიშვილი

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა

18 აპრილი, 2024 , 12:41

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი, 2024 , 11:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი