უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მაისი, 2018 14:40
font-size

„ნეონაცისტური ორგანიზაციის და „ქართული მარშის“ ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთის სახელმწიფოს“ - „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო`

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მიზნად ისახავს იმ ნეონაცისტური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების იდენტიფიცირების მცდელობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფების მიმართ ძალადობითა და აგრესიით გამოირჩევიან.

"ნეონაცისტური ორგანიზაციების დაფინანსების პირდაპირი წყაროების იდენტიფიცირება ვერ ხდება, თუმცა, ცალკეული ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთის სახელმწიფოს ან ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

რა არისქართული მარში”?

„ქართული მარში” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც სხვადასხვა ნეონაცისტურ ორგანიზაციას აერთიანებს. „ქართული მარშის” სახელით მოქმედმა გაერთიანებამ საქმიანობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ირანის მოქალაქის მხრიდან არასრულწლოვანი პირების მიმართ გარყვნილი ქმედება გააპროტესტეს. ქსენოფობიური აქციის მთავარი მოწოდება ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევება იყო. თუმცა, გაერთიანებაში შემავალი პირები თუ ორგანიზაციები, უკვე წლებია, გამოირჩევიან ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამებით და ხშირად მონაწილეობენ ძალადობრივ აქციებში:

„ქართულმა მარშმა” აქციით გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას ქმედება, რომელმაც ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატში მოწყობილი აქციის ფარგლებში ლგბტ თემისადმი სოლიდარობის გამომხატველი სამკლაურით ითამაშა. აქციაზე დაწვეს ლგბტ დროშა და კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდნენ.

მარშის წევრები საქართველოსა და ბელორუსს შორის ქუთაისში გამართულ ამხანაგურ მატჩზე შეიჭრნენ, ლგბტ დროშა დაწვეს და უცენზუროდ მოიხსენიეს კაშია.

„რუსთავი 2-ს” ცოცხალი ქათმები ესროლეს, რითაც უკმაყოფილება გამოხატეს ეკა კვესიტაძის გადაცემის „განსხვავებული აქცენტების” მიმართ.

„რუსთავი 2-ის” ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამს „მარშელებმა” რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით აქცია მოუწყვეს. ალყა შემოარტყეს მანქანას, სადაც ტელევიზიის იურისტი და ჟურნალისტი გაბუნია ისხდნენ. გაბუნიას შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ინციდენტის დროს დაშავდა „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი დავით ერაძეც.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ „ქართული მარშის" წარმომადგენლებმა 2017 წლის 16 ივლისს, Facebook-ზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარები დაწერეს. აგრესიული კომენატრები დოლიძის მხრიდან „ქართული მარშის" გაკრიტიკებას მოჰყვა.

„ქართული მარშის” წევრებმა კონტრაქცია გამართეს „ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებული აქციის წინააღმდეგ „არა რუსულ ფაშიზმს”, სადაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს და მათ კვერცხები, ბოთლები და ცოცხები დაუშინეს. იყვნენ დაშავებულებიც.

„ღია საზოგადოება - საქართველოს” ფონდის ოფისთან “ქართული მარშის” წევრებმა ორჯერ მოაწყვეს საპროტესტო აქცია. ორივე შემთხვევაში მოთხოვნა ფონდის დახურვა იყო. პირველ აქციაზე მათ ჯორჯ სოროსის ფიტული დაწვეს, ხოლო მეორე აქციაზე სამართალდამცველებს მაშხალები ესროლეს. მოგვიანებით კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გადაინაცვლეს მიწის უცხოელებზე გაყიდვას აპროტესტებდნენ.

2018 წლის მარტში „ქართული მარშის” წევრებმა სახალხო პატრულირება დაიწყეს. პატრულირების მიზანს წარმოადგენდა შსს-ს ალტერნატიული სახალხო დაჯგუფების შექმნა, რომელიც წინასწარ შერჩეულ ადგილებში გამოავლენდა უცხოელების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს.

აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2”-თან 2018 წლის მარტში დაკავებულ “ქართული მარშის” აქტივისტებს თავდებში დაუდგნენ „ქართული ოცნების” წევრები გია ჟორჟოლიანი და დავით ჭიჭინაძე, „პატრიოტთა ალიანსის” წევრები - ადა მარშანაია და ემზარ კვიციანი. ასევე „ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ამჟამად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური.

„ქართული მარშის” აქციებზე უმეტესად ქსენოფობიური, ჰომოფობიური, რასისტული განცხადებები და მოწოდებები ისმის. ძირითადად, ისინი აგრესიით და ძალადობით გამოირჩევიან.

„ქართული მარშის” გამოკვეთილი სახეები სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი არიან. „ქართული მარშის” დაშლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ბრეგაძე და კორკოტაშვილი აქციებზე კვლავ ერთად ჩნდებიან.

2. ქართულ მარშთან დაკავშირებული ორგანიზაციები და ცალკეული პირები

ეროვნულ ძალთა შეთანხმება

მიმდინარე წლის 11-13 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ახალგაზრდები ღამის კლუბებში სპეცოპერაციასა და სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ. პარალელურად გამართული კონტაქციის მონაწილე პირები კი, აქციაზე მყოფ პირებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ორგანიზატორებს უთხრა, რომ გაუჭირდებოდა კონტრაქციასთან არსებული კორდონის შენარჩუნება და შესაძლოა, მათი ძალის გამოყენებით დაშლა გამხდარიყო საჭირო. ამის თავიდან ასაცილებლად კი სთხოვა, რომ აქციის მონაწილეები დაშლილიყვნენ. პროტესტის მონაწილეებმა აქციის დაშლა გადაწყვიტეს, რის შემდეგაც, მშვიდობიანი მომიტინგეები შეკრების ადგილიდან ავტობუსებით, ნეოფაშისტების გვერდის ავლით, მალულად გაიყვანეს.

ახალგაზრდების პროტესტის პარალელურად, ცალკეულ ნეონაცისტური მოძრაობის წარმომადგენლებსა თუ შეხედულებების მქონე პირებს შორის ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმება” შედგა.

მოგვიანებით მათ პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც შეთანხმების შესახებ საჯაროდ განაცხადეს.

შეხვედრის მონაწილე ყოფილი პარლამენტარის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მათი ინსპირაცია იყო შექმნილი რთული მდგომარეობა, “რაც გამოწვეულია ნარკოპროპაგანდისტების, სოდომისტების და რეაქციული ძალების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით, რამაც გამოიწვია ჩვენი დედაქალაქის ცენტრის პარალიზება”. მათ 14 მაისის მსვლელობა დააორგანიზეს და 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესაც აპირებდნენ კონტრაქციის ჩატარებას. თუმცა, მას შემდეგ, რაც ლგბტ თემის აქცია გაუქმდა, კონტრაქციის ჩატარებაც გადაიფიქრეს.

ახალი ერთობის, ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმების” უკან რუსული კვალი ჩანს. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ორი თვის წინ განაცხადა, რომ პარტია “დემოკრატიულ მოძრაობას” ტოვებს, პოლიტიკაში შესვენებას იღებს და სამოქალაქო სექტორში გადადის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ცენტრის ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზეც. ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

პრიმაკოვის ფონდი აფინანსებს რუსული ენის უფასო კურსებს საქართველოში, ასევე, სპორტულ, კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებს. თუმცა, დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და “ქართული მარშის” ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ფონდში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის.

„ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ერთ-ერთმა წევრმა ნატალია წერეთელმა 2013 წელს პარტია “თავისუფალ საქართველოს” ჯამში 1 228 ლარი შესწირა. “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავაა. 2017 წელს დემოკრატიულმა მოძრაობამ (ნინო ბურჯანაძე) და თავისუფალმა საქართველომ (კახა კუკავა) საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინეს.

პრიმაკოვის ფონდში დიმიტრი ლორთქიფანიძემ დირექტორის პოზიციაზე ურუზმაგ ქარქუსოვი ჩაანაცვლა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი იყო. ურუზმაგ ქარქუსოვი 2007 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს. ურუზმაგ ქარქუსოვი მაშინ აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა. მისი მეუღლე, ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წელს “ქართული ოცნების” სიით პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი და ურუზმაგ ქარქუსოვი “ჩვენები-სახალხო პარტიის” სიით იყრიდნენ კენჭს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულია კიდევ ერთი ადამიანი, ბეჟან ხურციძე. ის გარდაცვლილია, თუმცა დღემდე ფონდის დამაარსებელი ქართული ორგანიზაციის “საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტის” დირექტორადაა მითითებული. ის არაერთხელ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სხვადასხვა პარტიიდან. 1992-1995 წლებში ის ვანის მაჟორიტარის სტატუსით იკავებდა პარლამენტში პოზიციას. 1999-2004 წლებში საკანონმდებლო ორგანოში ბლოკ “საქართველოს აღორძინების” პარტიული სიით მოხვდა. ამის შემდეგ ხურციძე პარლამენტში (2004-2008) “ბურჯანაძე-დემოკრატების” მაჟორიტარი გახდა ვანიდან. 2008-2012 წლის პარლამენტში კი ის “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი იყო, ისევ ვანიდან. ნაციონალურმა მოძრაობამ ხურციძე 2012 წელს თავისი რიგებიდან გარიცხა. ის, როგორც “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული ღონისძიებებში, რომელსაც “გორჩაკოვის ფონდი” საქართველოში აწყობდა.

ბურჯანაძის პარტიის კიდევ ერთი წევრი, ბესო დანელია არის ნეონაცისტური მოძრაობის ახალი გაერთიანების სახე.

ზვიად ტომარაძე საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც ავტორი არაერთი სადავო კანონპროექტისა. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ის ითხოვდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას. ერთ-ერთი საკანონმდებლო წინადადება კი აბორტის აკრძალვას ეხებოდა. სანდრო ბრეგაძესთან ერთად იმ საინიციატივო ჯგუფის წევრიც იყო, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგი სარეფერენდუმო შეკითხვის დასარეგისტრირებლად მიმართა: „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?”

ზვიად ტომარაძე თავადაც გახლავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მათ შორის: “ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტის”, “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე”-ს და “ერი და სახელმწიფოს”. “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე”-ს (ყოფილი “დემოგრაფიული განვითარების ფონდი”). მმართველობითი ორგანოს წევრები არიან მოდელი თამარ (თაკო) ჩხეიძე და ანზორ თოთაძე. ამავე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე იყო თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე, რომელიც დღეისათვის ბიზნესმენ ლევან ვასაძის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია “საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” გამგეობის თავმჯდომარეა. გამგეობის სხვა წევრები არიან იგივე თამარ (თაკო) ჩხეიძე და ანზორ თოთაძე. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მხარდაჭერები ლევან ვასაძესთან ერთად არიან შიო მუჯირი (პატრიარქის თანამოსაყდრე), ბიზნესმენები ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზაზა ნიშნიანიძე და “პალიტრა მედიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა თევდორაშვილი. ფონდს მხარდაჭერა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გაუწია.

გურამ ქართველიშვილი იყო პროექტ “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ავტორი და წამყვანი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა. ქართველიშვილი გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით, რაც მის გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ნათლად ჩანს.

გურამ ფალავანდიშვილი - ტელეკომპანია “პალიტრანიუსზე” მიჰყავდა გადაცემა “ფალავანდიშვილთან”, რომელიც ხშირად გამოირჩეოდა ქსენოფობიურ-ჰომოფობიური ნარატივით. არასამთავრობო ორგანიზაციებმა “პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების ორგანოსაც მიმართეს საჩივრით. გადაცემაში მოწვეული სტუმრები გამოირჩეოდნენ ჰომოფობიური განცხადებებით, ყველა მათგანი წარმოადგენდა ერთ პოზიციას, საგანი „მე და საზოგადოება" წარმოჩენილი იყო, როგორც „უზნეობის პროპაგანდა". საბოლოოდ დადგინდა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა, გადაცემაში სიძულვილის ენის გამოყენება და დისკრიმინაცია.

ფალავანდიშვილის გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს შორის ხშირად იყვნენ დიმიტრი ლორთქიფანიძე, ზვიად ტომარაძე და ლევან ვასაძე. რაც შეეხება ახლადშექმნილი ერთობის კიდევ ერთ წევრს ლევან ჩხაიძეს, ის ფალავანდიშვილთან ერთად ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას - “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება”.

ნიკოლოზ მჟავანაძე ქართული მარშის იდეის აქტიური მხარდამჭერია. “მედიის განვითარების ფონდის” მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ის ასევე ჰომოფობიურ განცხადებებს ავრცელებს.

რაც შეეხება ახალი გაერთიანების სხვა წევრებს გია კორკოტაშვილს, ლევან ჩაჩუას, კოკა მორგოშიასა და სანდრო ბრეგაძეს, მათი კავშირების შესახებ ინფორმაციას ქვემოთ შემოგთავაზებთ.

მოძრაობაეროვნულები

სანდრო ბრეგაძე - მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელია. 2016 წლის თებერვლამდე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა ჰომოფობიური განცხადებებით. 2004 წლამდე ასლან აბაშიძის პარტიის, “საქართველოს დემოკრატიული აღორძინების” წევრი იყო და მისი საარჩევნო ბლოკის სახელით წარმოდგენილი იყო პარლამენტში.

ბრეგაძეს 2011 წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც პირობით სასჯელში ჩაეთვალა.

კახაბერ მიგინეიშვილი - მოძრაობა “ეროვნულების” კიდევ ერთი დამფუძნებელი, იმ საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა ზემოთ ნახსენები ქორწინების სტატუსის განმსაზღვრელი სარეფერენდუმო შეკითხვის დასარეგისტრირებლად. ცესკომ შეკითხვა არ დაარეგისტრირა.

ზურაბ ენუქიძე - მოძრაობის მესამე დამფუძნებელი პარტია “ქართული იდეის” შემომწირველია. პარტია 2014 წელს დაარსდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მისი სიის პირველი ნომერი იყო ლევან ჩაჩუა, ხოლო მეორე- სანდრო ბრეგაძე, რომელიც ასევე საბურთალოს მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ბრეგაძის ჰომოფობიური პლაკატების გამო, ცესკოსაც მიმართეს. ლევან ჩაჩუა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ერთად 2010 წელს ტელეკომპანია “კავკასიაში” შეჭრის გამო დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2012 წელს გათავისუფლდა პოლიტპატიმრის სტატუსით.

“ქართული იდეა” თავის მხრივ აქტიურად მონაწილეობდა 2017 წლის ივლისის “ქართველთა მარშის” ორგანიზებაში და ნაცისტურ ჯგუფებში საკმაოდ პოპულარული ფეისბუქ გვერდით ეწეოდა მარშის აქტიურ პოპულარიზაციას.

გიორგი გაბედავა - 2013 წელს შექმნილი “ლევან ჩაჩუას ფონდის” თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილეა. წესდების მიხედვით, საზოგადოების მიზანი “ქართული იდეის” კანდიდატის, ლევან ჩაჩუასთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა იყო.

გაბედავა რამდენჯერმე იყო დაკავებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მათ შორისაა, რამდენიმე დღის წინ კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცოპერაციის შემდეგ გამართული აქციის კონტრაქციაზე წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავება. ის ასევე თანამოაზრეებთან ერთად, 2016 წლის 18 ივნისს მისული იყო კლუბთან და ტერიტორიის დატოვება პოლიციის გამოჩენის შემდეგ მოუხდა.

გიორგი გაბედავა ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი იყო 2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი დემონსტრაციისა. გაბედავა გახლავთ ასევე “ეროვნული ფრონტის” ლიდერი, რომლის გამგეობის წევრები, მაგალითად გეგა ხვედელიძე, აგრესიული ჰომოფობიური და რასისტული განცხადებებით გამოირჩევიან. ხვედელიძე გახლავთ ასევე ქართული იდეის წევრიც.

გიორგი გაბედავა რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის ნათლული და პროდიუსერია. ის თებერვალში რუსეთში სცემეს და დაჭრეს.

“საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი” კიდევ ერთი ორგანიზაციაა, რომელთანაც კავშირი აქვს გაბედავას. ალიანსის მიზნებია:

“სამოქალაქო აქტივობის კლუბი” - გაბედავას დაფუძნებული კიდევ ერთი ორგანიზაციაა. სამოქალაქო აქტივობის კლუბის წესდებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დაცვა:

მელორ ვაჩნაძე გაბედავასთან ერთად “სამოქალაქო აქტივობის კლუბის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა. ის თაღლითობის ბრალ­დე­ბით 2009 წლი­დან იხ­დი­და სას­ჯელს. 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მას შემდეგ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რამდენჯერმე დააკავეს. 2017 წლის ივლისში ვაჩნაძემ განცხადება გააკეთა და “ქართული მარშის” აქციის ჩატარების წინ გამოეთიშა მოძრაობას, თუმცა ის აქტიურად გამოჩნდა ბოლო დღეებში კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაწყებული აქციების კონტრაქციაზე, სადაც დააკავეს კიდეც.

მიხეილ მესხიც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ერთ-ერთი იყო “ქართული ოცნების” 3 მხარდამჭერს შორის, რომლებიც 2012 წელს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2010 წელს ის მონაწილეობდა ილიაუნისთან გამართულ აქციაში და ითხოვდა ერეკლე დეისაძის წიგნის დაწვას და იმ სტამბის დახურვას, რომელმაც წიგნი გამოსცა. 2017 წელს ის თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში იყო, თუმცა საკრებულოში ვერ მოხვდა.

რატი მაისურაძე - ლევან ჩაჩუას ფონდისა და სამოქალაქო აქტივობის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის 2010 წელს ლევან ჩაჩუასთან და გიორგი გაბედავასთან ერთად იყო დაკავებული ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრისათვის, შემდეგ კი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. იმ დროისთვის “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი იყო, მალხაზ გულაშვილთან და ნანა დევდარიანთან ერთად.

საქართველოს ეროვნული ერთობა

“ქართულ იდეასთან” კავშირი აქვს საქართველოს “ეროვნული ერთობის” ხელმძღვანელობასაც, რომელიც საკუთარ თავს ფაშისტურ ორგანიზაციად მოიაზრებს. ორგანიზაცია 2016 წელს დაფუძნდა. წესდების მიხედვით, “საქართველოს ეროვნული ერთობის” მიზანია “საერთო თანხმობისა და მშვიდობის პოლიტიკის გატარება, რომლის მიხედვითაც მოძრაობა პრიორიტეტულად წარმოაჩენს მენტალურად ქართულ მსოფლმხედველობას. ასევე, პატივმცემელი და შემგუებელი იქნება ყველა ეთნიკურად განსხვავებული საქართველოს მოქალაქის ტრადიციულ, მენტალურ, რელიგიურ თუ პოლიტიკურ მსოფლმხედველობისადმი, თუ ისინი არ შეურაცხყოფენ მენტალურ ქართულ მსოფლმხედველობას”. საჯარო რეესტრის მიხედვით, მათ ჰყავთ მეთაური და მწიგნობართუხუცესი.

www.manifest.ge-ზე იძებნება “ეროვნული ერთობის” პეტიცია, რომლითაც ისინი საქართველოში ჯორჯ სოროსის ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო'' აკრძალვას ითხოვენ. მათ ასევე, “რუსთავი 2-ზე” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას რელიგიურ გამონათქვამს ფეისბუქ გვერდზე მუქარის წერილით უპასუხეს.

“საქართველოს ეროვნული ერთობის” ფეისბუქ გვერდზე იძებნება არაერთი ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ძალადობრივი და ფაშისტური მოწოდება. მათ მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოზე გამოძიებაც დაიწყო, რადგან კადრში იარაღები ჩანდა. თუმცა, მოგვიანებით გამოძიება შეწყდა, რადგან აღმოჩნდა, რომ იარაღი პნევმატური იყო. თუმცა, ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ჭელიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: “ორგანიზაციის წევრების უმეტესობას გვაქვს იარაღი: სანადირო თოფი, „ვინჩესტერი“, პისტოლეტი, ნახევრადავტომატური იარაღები, ვიცავთ მათი მოხმარებისა და გადატანის წესებს”.

“ეროვნული ერთობის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი თორნიკე კივილაძე (“მწიგნობართუხუცესი”) 2016 წლის არჩევნებზე “ქართული იდეის” სიის მეხუთე ნომერი და #14 ოლქის (ჩუღურეთი) მაჟორიტარი კანდიდატი იყო. “რუსთავი 2”-თან 15 მაისს გაკეთებულ კომენტარში ის ამბობს, რომ ორგანიზაციას გამოეთიშა და მათ საქმიანობაში საფრთხეს ხედავს. ორგანიზაციის წარმომადგენელები არიან ირაკლი ბექაური და გიორგი ჭელიძეც (მეთაური). ჭელიძე ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, ორგანიზაცია კი სამინისტროს დატოვების შემდეგ შექმნა. გიორგი ჭელიძე ღიად აფიქსირებს, რომ არის ფაშისტური იდეოლოგიის მიმდევარი: “ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს ფესვებთან. ჩვენ „ვაწვებით“ ფაშიზმს და ნაციონალ-სოციალიზმს, ჩვენ ვართ ამ მიმდინარეობის მიმდევრები.” ჭელიძე, მხარდამჭერებთან ერთად, აგრესიითა და ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩეოდა კლუბ “ბასიანში” განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ. “ეროვნული ერთობის” წევრებმა განაცხდეს, რომ შექმნიან რაზმეულებს, დაიწყებენ პატრულირებას და თავად აღკვეთენ უკანონობას. “სისხლს მოითხოვენ? ზღვა სისხლს მიიღებენ” - იმუქრებოდნენ აქციაზე. მოგვიანებით ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მუქარის განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გიორგი ჭელიძეს ასევე დაარსებული აქვს ორგანიზაცია “საქართველოა მარადიული”. წესდების მიხედვით, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მათთვისაა, “ვისთვისაც ძვირფასია ეს ლამაზი, ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა”. ის 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე ლადო სადღობელაშვილთან ერთად დააკავეს. ქართული მარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას ლგბტ თემის დროშიანი სამკლაურით ასპარეზობას აპროტესტებდნენ.

მოძრაობასამოქალაქო სოლიდარობა

გია (გიორგი) კორკოტაშვილი - მოძრაობა “სამოქალაქო სოლიდარობის“ დამფუძნებელია. ორგანიზაცია რეგისტრირებულია კორკოტაშვილის სახლის მისამართზე. გამგეობის წევრებს შორის არიან:

მამუკა არეშიძე - პოლიტოლოგი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი იყო. 2016 წელს კი "პატრიოტთა ალიანსის" თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.

ირაკლი კაკაბაძე - მწერალი, აქტივისტი.

დავით ბეგიაშვილი - ბიზნესმენი, “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელი;

ნანა თხელიძე - ყოფილი პროკურორი, პოლიტმატიმრის სტატუსით გათავისუფლებული.

მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარე იყო 2015 წელს მოკლული ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანი.

მოძრაობის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრების მიერ შეუსრულებული დაპირებების მონიტორინგი და მხილება იყო. ამიტომ ორგანიზაციაში ძირითადად გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენლები და პოლიტპატიმრები.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობაქართული მისია

გია კორკოტაშვილი ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული მისიის” დამფუძნებელია. მათი ფეისბუქ გვერდის მიხედვით, ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას სთავაზობს მოქალაქეებს, მათ შორის უცხოელებს. ორგანიზაციის გამგეობის წევრის, გიორგი ზარნაძის მიერ 2015 წელს ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ქართული მისია" გამოხატავს გულღია პატივისცემას და მოკრძალებას საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების თანამოქალაქის მიმართ და მოუწოდებს ყველას თანადგომისაკენ, რათა ერთად ავაშენოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო".

2016 წელს ორგანიზაციის შეკრებაზე გამოჩნდა და სიტყვით გამოვიდა დემურ გიორხელიძე, მამუკა არეშიძე, ასევე ზაზა შათირიშვილი, რომელიც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია.

კავშირები პოლიტიკურ პარტიაპატრიოტთა ალიანსთან

კონსტანტინე მორგოშია - პატრიოტთა ალიანსის წევრი, 2016 წელს მცხეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მისმა ოჯახის წევრებმა “პატრიოტთა ალიანსს” 96 ათასი ლარი შესწირეს. აუდიტის სამსახურის მოკვლევის საფუძველზე სასამართლომ მორგოშია 180 ათასი ლარით დააჯარიმა, კანონის გვერდის ავლით განხორციელებული შემოწირულობისთვის. მორგოშია, “ქართული მარშის” სხვა წევრებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით ოსურ მხარესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მისივე ფეისბუქ პოსტის მიხედვით, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიოდა. მორგოშია აქტიურად იყო ჩართული თათია დოლიძის მისამართით საჯარო მუქარების გავრცელებაში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით აქვს წილი შპს “კემ კონსტრაქშენში” და რეგისტრირებულია დირექტორად შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიაში”, შპს “საინვესტიციო ჯგუფი კონსტანტინეში” და თავმჯდომარე ა(ა)იპ “კავკასიონში”.

ლადო სადღობელაშვილი - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკ პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მთაწმინდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადღობელაშვილი “მამული, ენა, სარწმუნოება”-ს თავმჯდომარე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია. ორგანიზაცია 2011 წელსაა დაფუძნებული და მისი თანათავმჯდომარეა ლევან კოჭლოშვილი, რომელიც 2017 წელს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” სიით მოხვდა და ამჟამად, ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეა. სადღობელაშვილი რამდენჯერმე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ამჯერად კი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო.

სადღობელაშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დიღმის რაიონის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით.

ემზარ კვიციანი - 14 მაისს “ბასიანისა” და კაფე “გალერის” წინააღმდეგ “ქართული მარშის” აქციას შეუერთდა. ემზარ კვიციანი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატია. ის 2006 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. 2006 წლის შემდეგ იძებნებოდა. მას ბრალი ედებოდა სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში. 2014 წელს კვიციანი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 2015 წელს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე დარბაზიდან გაათავისუფლა. ემზარ კვიციანმა ასევე აღიარა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მათი დავალებით განცხადებებს ავრცელებდა.

სხვა ორგანიზაციები და პირები

“ქართულ მარშს” სოციალური ქსელით მხარს უჭერდა “ქართული ძალა”, რომლის დამფუძლებელი და ლიდერია ნიკოლოზ ბურნაძე. ორგანიზაციის სახელს უკავშირდება თბილისში ვეგანური კაფის დარბევა. თუმცა, დაჯგუფება ამ ბრალდებას უარყოფს. ასევე 2016 წელს აღმაშენებლის გამზირზე თურქულ რესტორნებთან გამართული ნაციონალისტური აქცია, რომლის დროსაც ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს.

ქართული მარშის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო რადიკალი ნაციონალისტების მოძრაობა „წინააღმდეგობა - მომავლისთვის“. ამჟამად, მათი ერთ დროს საკმაოდ აქტიური ფეისფუქ გვერდი აღარ იძებნება.

რამაზ გაგნიძე - ქართული მარშის აქტივისტი. 2014 წელს კენჭს იყრიდა დიღმის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად კოალიცია “ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის” სახელით. გაგნიძე, “ქართული მარშის” სხვა წევრებთან ერთად, ხაშურში დამოუკიდებელი კანდიდატ რამაზ ნოზაძის მხარდასაჭერად ჩავიდა.

მიხეილ ამისულაშვილი მოძრაობის ერთ-ერთი წევრია. ის თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების ერთ-ერთი ავტორია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგები დღემდე არ გასაჯაროებულა. ამისულაშვილი 2018 წლის 20 მარტს "რუსთავი 2"-თან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას ედავება. მანამდე 2-ჯერ არის ნასამართლევი ცემის მუხლით.

მსახიობი ალეკო თეთრაშვილიც ქართული მარშის მხარდამჭერია. ის არის პეტიციის ხელმომწერი, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნაცაა დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის, მათი სატელიტებისა და უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ანტიეროვნული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის სამართლებრივი პროცესი. ის 2017 წლის აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზეც გამოჩნდა.

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი, აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის ნასამართლევი და 2013 წელს ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გათავისუფლებული, ასევე მონაწილეობდა ქართულ მარშში.

“ქართული მარშის“ აქციის მონაწილის, დავით ნემსაძის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ლიკა ალელიშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის გამო პოლიციას მიმართა და მოითხოვა, რომ დავით ნემსაძეს მასთან მიახლოება აეკრძალოს" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" კვლევაში.

საქართველოს პრეზიდენტი სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა

21 მაისი, 2018 , 20:59

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კამპანიის - "რესპუბლიკის 100 წელი - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" ფარგლებში ეწვია. შეხვედრას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის რექ

ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21 მაისი, 2018 , 17:45

პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საეკლესიო საზოგადოების ორგანიზებით ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 1

ფლანდრიის პარლამენტმა ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკეების გამოფენას უმასპინძლა

21 მაისი, 2018 , 17:30

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ფლანდრიის პარლამენტმა ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკეების დავით ხმალაძისა და

2017 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 3599 ქალი და 497 კაცი გახდა - IDFI-ის კვლევა

21 მაისი, 2018 , 16:45

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  საქართველოში  ოჯახში ძალადობის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2013-2018 წლების სტატისტიკით, ამ პერიოდში ძალადობის 6.464  შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე ჯანმრთ

ზებრაზე გადასვლისას მე-12 კლასელს ავტომობილი დაეჯახა

21 მაისი, 2018 , 16:45

ნაძალადების რაიონში, კერძო სკოლა “პოლიგლოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ზებრაზე გადასვლისას მე-12 კლასის მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელსაც

თსუ-ში პერსონალის საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

21 მაისი, 2018 , 16:25

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პერსონალის მეორე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, რომელშიც ევროპის 10 ქვეყნის 20 უნივერსიტეტის 32 წარმომადგენელი მო

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე