ნეპალის ტურისტულ რაიონში თვითმფრინავი ჩამოვარდა
14.05.2012 15:09
ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელზეც 18 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთში, მთებში მოხდა, - იუწყება ასოშეითიდ პრესი ნეპალის პოლიციაზე დაყრდნობით.
პოლიციელების თქმით, შემთხვევა მოხდა ქალაქ ჯომსომის აეროპორტში დაფრენისას. ეს იყო გერმანული მარკის თვითმფრინავი, რომელიც ადგილობრივ ავიაკომპანია “აირ აგრის” ეკუთვნოდა. შემთხვევა დილის 9.45 საათზე მოხდა. ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა, თუმცა არ აფეთქებულა. შესაძლებელია, სწორედ ეს გარემოება გახდა მიზეზი, რომ ამ კატასტროფისას მგზავრების ნაწილი გადარჩა.
წყაროები მსხვერპლის სხვადასხვა რაოდენობას ასახელებენ. კატასტროფის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 11 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი - ორი პილოტი და ერთი გამცილებელი. ხუთი ადამიანი გადარჩა, _იუწყება საგენტო ხინჰუა.
პოლიციის ინფორმაციით, ყველა დაჭრილი უახლოეს ქალაქ პოხარას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ გამცილებელი მაშველებმა ცოცხალი ნახეს, მაგრამ მოგვიანებით ის მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. მგზავრებს შორის იყო 16 ინდოელი და 2 ევროპელი, ავიაკომპანიის მონაცემებით, ეს მოქალაქეები დანიელები არიან. ამ რეისის მგზავრებს დაგეგმილი ჰქონდათ, მოენახულებინათ მუკტინათხის ტაძარი, რომელიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სიმბოლოდ ითვლება.
კატასტროფის მიზეზი ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.


















