ნიკა გილაური 2012 წელს საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის შემოსვლას ელის
30.05.2012 14:35
2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოში წინასწარი მონაცემებით 230 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წარადგინა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსული პირდაპირი ინვესტიცია გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 32 პროცენტით აღემატება.
გილაური მაჩვენებლების ამგვარი ზრდით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ეს სამუშაო ადგილების შექმნას პირდაპირპროპორციულად უკავშირდება.
„პირდაპირი ინვესტიცია სწორედ ის თანხაა, რომელიც საქართველოში უცხოეთიდან შემოედინება. რეალურად ხდება ახალი საწარმოების შექმნა, ან ძველების რეაბილიტაცია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი. ამიტომაც ხსენებული მაჩვენებლების ზრდა მეტად მნიშვნელოვანია“, _ აღნიშნა ნიკა გილაურმა.
მისი თქმით, 2011 წელს ჯამში ქვეყანამ 1 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია მოიზიდა. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი კვარტალი ამ თვალსაზრისით დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა ხოლმე, პრემიერი პირდაპირი ინვესტიციის რაოდენობით ყოველკვარტალურ ზრდას ელის.
მისი ვარაუდით, 2012 წელს ქვეყანაში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვა.




















