ნიკოლოზ რურუა ქობულეთსა და ბათუმს ეწვევა
17.05.2012 10:34
დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ქობულეთსა და ბათუმს ეწვევა.
როგორც `მედიანიუსს~ სამინისტროდან აცნობეს, კულტურის მინისტრი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გია აბულაძესთან ერთად ქობულეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ეწვევა და მათ კომპიუტერულ ტექნიკასა და წიგნებს გადასცემს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი, ბათუმის დრამატულ თეატრში შეხვედრას გამართავს დრამატული თეატრისა და თოჯინების თეატრის თანამშრომლებთან, შეხვედრას ასევე დაესწრება ბათუმის მუსიკაური ცენტრის კოლექტივი.
ხვალ კი ბათუმში, ბონის დარბაზში, დაგეგმილია ნიკოლოზ რურუას შეხვედრა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან (ბათუმის მერიის ხელოვნების ცენტრი,
მუსიკალური ანსამბლები, მუსიკალური, სამხატვრო და საბალეტო სკოლები, ხალხური ხელოვნების სკოლა.) საუბარი შეეხება სახელოვნებო სფეროში მიმდინარე საკითხებს და კულტურულ ღონისძიებებს. მინისტრი 13 პედაგოგს „დამსახურებული პედაგოგის“ წოდებას მიანიჭებს.
ნიკოლოზ რურუა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გია აბულაძესთან ერთად, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამინისტროში შეხვდება მუზეუმის თანამშრომლებს და გაეცნობა აჭარის სამუზეუმო სფეროში მიმდინარე მოვლენებს.
მინისტრის ვიზიტი აჭარაში, „სუხიშვილების“ კონცერტით დასრულდება, რომელიც სპეციალურად კულტურის სფეროს წარმომადგენლებისათვის ბათუმის ოპერაში, 18 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება.


















