საზოგადოება
`ომეგას“ სკანდალური საქმის ფიგურანტი ზურაბ აბდუშელიშვილი ელჩად დაინიშნა
ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ახლად გამომცხვარი დიპლომატის სახელი არაერთი გახმაურებული სკანდალს უკავშირდება. სწორედ აბდუშელიშვილი იყო ერთერთი იმ ბისნესმენთაგანი, რომელიც მთავრობის სახელით ზაზა ოქუაშვილის მოსყიდვას და მრავალმილონიანი კონტრაქტით მის გაჩუმებას ცდილობდა.
ზურაბ აბდუშელიშვილის „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან კავშირზე დეპუტატი ნატო ჩხეიძე ჯერ კიდევ ნოემბერში საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ბიზნესმენი „ომეგა მოტორსში“ მივიდა და 20 ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენის სურვილი გამოთქვა.
ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, 2 მილიონი აბდუშელიშვილმა იმავე დღეს გადაიხადა, ხოლო დანარჩენის გადახდას კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში გეგმავდა. თუმცა, მოულოდნელად დამკვეთმა კონტრაქტის შეწყვეტა და უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.
ეს გადაწყვეტილება დროში ემთხვევა მთავარ მოვლენას, როცა ზაზა ოქუაშვილს, ხელისუფლების ყველა შეთავაზების და დათმობის სანაცვლოდ, მთავარი განაცხადება უნდა გაეკეთებინა - მას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში წინასწარ დაწერილი ტექსტი უნდა წაეკითხა, სადაც მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიაზე ისაუბრებდა. ისაუბრებდა აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის სრულ ჩაურთველობასა და უდანაშაულობაზე ამ საკითხებში.
რატომ დანიშნეს გამოუცდელი კადრი ელჩად და როგორ უყურებენ ამ სიახლეს ოპოზიციაში? - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის ჟურნალისტის, ნათია გოგსაძის რეპორტაჟშია საუბარი.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი ახალი ელჩის წარსულ საქმიანობაზე საუბრობს და ამბობს, ის მმართველ გუნდთან და მის შემომწირველებთან დაახლოებული ბიზნესმენია.
„ეს არის ის ზურა აბდუშელიშვილი, რომელიც მეგობრობს და ბიზნესპარტნიორია გუგული მაღრაძის სიძის; რომელიც მეგობრობს და ბიზნესპარტნიორია „ქართული ოცნების“ შემომწირველების. აგრეთვე, მისი ძმა და თვითონაც მეგობრობს კახი კალაძესთან, ბატონ ბახტაძესთან და, რომელიც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, „ომეგას“ საქმეში შიკრიკის როლს. სწორედ ეს ყველაფერი დაუფასდა და მიიღო დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ფორმალური საფუძველი და კრიტერიუმები ამ დანიშვნისა არ არსებობს. მიიღო დანიშვნა ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში მისი ოჯახი აკეთებდა საკმაოდ კარგ ფულს, დაწყებული ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.