ოსების მიერ დაკავებული ჯაბა ბერიძის ოჯახს ქართველი არ გამოხმაურებიან
11.05.2012 13:42
ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ჯაბა ბერიძის ოჯახის წევრებს, მიმართვის მიუხედავად, ქართველი სამართალდამცავები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან.
როგორც ,,მედიანიუსს” ჯაბა ბერიძის ქალიშვილმა ხატია ბერიძემ განუცხადა, ჯაბა ბერიძესთან ცხინვალის ციხეში არც ადვოკატი შეუშვეს.
,,დაკავების ოფიციალურ მიზეზად ცხინვალის პროკურატურაში შესული საჩივარი სახელდება, რომლის მიხედვითაც, მამაჩემი 1991 წელს თითქოს ვიღაცას სახლში შეუვარდა, ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა და ძალის გამოყენებით დაატოვებინა ბინა. ეს ტყუილია, რადგან არსებობს უამრავი მოწმე, რომ ახალგორში კორპუსის ბინა, რომელზეც საჩივარშია საუბარი, მამაჩემმა კანონიერი გზით იყიდა. საჩივრის ავტორი ვინმე დალინა ხინჩანოვაა, რომელიც დააშინეს და აიძულეს ეჩივლა, მაშინ როდესაც კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ჯაბა ბერიძემ ბინა კანონიერი გზით, ფულის გადახდით შეიძინა”-აღნიშნა ხატია ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა ბერიძე 5 მაისს ახალგორში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა დააკავეს.
როგორც ჯაბა ბერიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის 5 მაისს სრულიად უკანონოდ, გენერალური პროკურორის მერაბ ჩიგოევის ბრძანებით დააკავეს.
ოჯახი წევრები ჯაბა ბერიძის დაკავებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახლად დანიშნულ გენერალურ პროკურორს, მერაბ ჩიგოევს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ 1998 წელს მათმა ოჯახმა ახალგორში ილო ჩიგოევისგან სახლი შეიძინა, ახლა კი მისი შვილი მერაბ ჩიგოევი პროკურორი გახდა და აღნიშნული სახლის დაბრუნებას ითხოვს.
,,ჩვენ გვაქვს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. პირდაპირი გზით ვერ ახერხებს ამ სახლის დაბრუნებას და როგორც კი გახდა გენერალური პროკურორი, ერთი კვირის შემდეგ გასცა ბრძანება რომ მამაჩემი დაეკავებინათ”-აღნიშნავს დაკავებულის ქალიშვილი თამთა ბერიძემ.



















