უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
არქივი
რეგიონები
პანკისის უხუცესებზე გარკვეული ზეწოლა მიდის - კახეტის გუბერნატორი
კახეთის გუბერნატორის , ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ ახდენს ადგილობრივებზე ზეწოლას.
„უხუცესებზე მიდის გარკვეული ზეწოლა. ეს ხდება საინფორმაციო წყაროებიდან დაწყებული ყველა წყაროთი დამთავრებული. ამ ადამიანებს ჯვარედინი დაკითხვების ქვეშ აქცევენ, რომ რამე წამოაცდევინონ. ნუ გვგონია, რომ მარტივად არის სიტუაცია. სიტუაცია რთულია და ამ ხალხმა დაინახა, რომ სირთულესთან ერთობლივად დგომაა საჭირო. აქ საუბარია ახალგაზრდების მოტაცებაზე ტერორისტებისგან, ასე ვითარდება ტერორიზმი“, -თქვა კახეთის გუბერნატორმა.
ქადაგიშვილმა ის თემები ჩამოთვალა, რომლებზეც საუბრობდა პანკისის ხეობის მოსახლეობასთან გუშინდელ შეხვედრაზე.
„შეხვედრაზე ძირითადად ვისაუბრეთ იმ მთავარ პრობლემასა და გზავნილზე, რომ მთავარია, შენარჩუნდეს მშვიდობა და ერთობა ხეობასა და მთლიანად ქვეყანაში. იმაზე, რომ გამოძიებამ უნდა განაგრძოს მუშაობა და ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს, არავინ დავობს. მთავარი აქცენტი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ის, რომ არსებობს ისეთი საფრთხეები, მათ შორის ტერორისტული საფრთხეები, რომლებიც თანაბრად პრობლემურია ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ყველა წევრისთვის და განსხვავება ქისტს, ქართველსა თუ სხვებს შორის, არ უნდა იყოს. ჩვენი ერთად ყოფნა და გააზრებული ქმედებები ყველაზე აუცილებელია ამ საფრთხესთან გასამკლავებლად და ასევე იმისთვის, რომ ეს სიტუაცია ვინმემ არ გამოიყენოს სიტუაციის დაძაბვისთვის“, - თქვა ქადაგიშვილმა.
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, სუს-მა პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას გარკვეული მასალა აჩვენა, სადაც ჩანს კავშირი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებსა და გაბრიელ სალოსის გამზირზე დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირთა შორის.
”ეს შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე შედგა. გამოძიებამ და უშიშროების სამსახურმა ჩათვალა საჭიროდ, გამომდინარე საკითხის აქტუალობიდან და პანკისის ხეობის სენსიტიურობიდან, ასევე იმისთვის, რომ ადამიანებში არ გაღვივებულიყო ისეთი დამოკიდებულება, თითქოს მთავრობამ ან უშიშროებამ ჩაატარა რაღაც მიზანმიმართული ოპერაცია მაინც და მაინც პანკისელების ან ქისტების წინააღმდეგ. ამ ადამიანებს რამდენიმე მასალა აჩვენეს, საიდანაც ჩანს, რომ იმ ადამიანებს, რომლების წინააღმდეგაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ჰქონდათ კავშირი იმ ხალხთან, ვინც დააპატიმრეს და ლიკვიდირებული არიან გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი სპეცოპერაციის დროს. ანუ ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენ ყველას გვემუქრება. იქ ჩვენ ყველამ, მათ შორის უხუცესებმა, დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს აქვთ კავშირი ამ ხალხთან. დანარჩენი, რა სახის არის კავშირი, რამდენად ღრმაა, სადამდე მიდის, ვის რა ფუნქცია ჰქონდა, ამას გამოძიება იტყვის. ჩვენ მცირედი მასალა გვანახეს ალბათ და ამ მცირედი მასალით გვითხრეს, რომ ეს არ იყო ოპერაცია, რომელიც ჰაერზე ჩატარდა. ეს სპეცოპერაცია გამომდინარეობდა იმ საფრთხიდან, რა საფრთხეც აღიკვეთა თბილისში და ასევე იმ საფრთხიდან, რაც ზოგადად არსებობდა. სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ არავის არ უნდოდა იმ ადამიანის ლიკვიდაცია, პირიქით, გამოძიება დაინტერესებულია, რომ ყველა მაქსიმალურად ჯანმრთელად აეყვანათ, რათა მათგან კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ როგორც ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებზე“, - განაცხადა გუბერნატორმა
კახეტის გუბერნატორის შეხვედრა უხუცესთა საბჭოს წევრებთან და პანკისის მოსახლეობასთან გუშინ, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში შედგა. ის დახურული იყო მედიისთვის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისსა და პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში დაეხმარნენ.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
დაკავებულთა შორის არის თემირლან მაჩალიკაშვილიც. სუს-ის ინფორმაციით, პოლიცია იძულებული გახდა, პროპორციული ძალა გამოეყენებინა, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა.