პარლამენტი ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო პაკეტს დაამტკიცებს
20.05.2012 18:01
საქართველოს პარლამენტი დამდეგ კვირას ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებს. მისი დამტკიცების შემდეგ ნარკომომხმარებლების სარეაბილიტაციო პროგრამები ჩამოყალიბდება, რომლის კოორდინაციასაც სპეციალურად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი განახორციელებს.
მის საფუძველზევე ნარკოტიკული საშუალებების დოზები გადაიხედება. მათ შორის განისაზღვრება მეტადონისა და ჰეროინისთვის მცირე დოზები. კერძოდ, თუ აქამდე პირს, რომელსაც ამ ნივთიერებების ნებისმიერ რაოდენობას აღმოუჩენდნენ, ფაქტი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნეოდა, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი დოზები განისაზღვრება და სასჯელებიც შესაბამისი იქნება. პროექტის ინიციატორის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთლის განცხადებით, ნაკლები დანაშაული ნაკლებ სასჯელს იმსახურებს.
მისი ინფორმაციით, კანონს უკუძალა ექნება და იმ პირებსაც შეეხება, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. ნარკოდანაშაულისთვის გადახდილი ჯარიმები კი ისევ ნარკომომხმარებლების მკურნალობას მოხმარდება.
უკვე ცნობილია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ბაზალეთში აშენდება.



















