პარლამენტი უარს ამბობს თბილისში დატოვოს საქმისწარმოების დეპარტამენტი_ ,,ახალგაზრდა ადვოკატები“
10.08.2012 16:01
უფლებათადამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის აპარატის დებულებაში შეიტანოს ცვლილება, რომლის ძალითაც, ქუთაისში გადატანილ საქართველოს პარლამენტს დედაქალაქში შეუნარჩუნდება წარმომადგენლობითი ფუნქცია და თბილისში დარჩება პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტი.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანის შემთხვევაში თბილისში მცხოვრები 1 172 7000 ათასი ადამიანი მათთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ ვეღარ მიმართავენ პარლამენტს და კომუნიკაცია მოუწევთ მხოლოდ საფოსტო გზვანილის მეშვეობით, რაც გამოიწვევს ფინანსურად მძიმე ტვირთს, დროსა და სივრცეში საჯარო ინფორმაციის მიღებაზე ხელოვნურ ბარიერებს, პარლამენტსა და მოქალაქეს შორის გართულებულ ურთიერთობას.
,,ჩვენთვის ამ საკითხის მიმართ ნებისმიერი მანიპულაცია არის მიუღებელი, რადგანაც თბილისში პარლამენტის საქმისწამოების დეპარტამენტის გაუქმებით არ ჩანს აღნიშნული გადაწყვეტილების ლეგიტიმური მიზანი მაშინ, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, პარლამენტმა დედაქალაქს შეუნარჩუნოს ფუნქცია, როცა მოქალაქეები პირდაპირი საშუალებით შეძლებენ კორესპონდენციის, წერილების, განცხადებების, პეტიციების შეტანას ადგილზე და საქმისწარმოების დეპარტამენტი თბილისშივე მოახდენს მათ რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ გადაცემას, გაგზავნას და შეტყობინებას“, _ განაცხადა კაიკაციშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულის განხორციელებაზე პარლამენტის უარი ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი უარს იტყვის ქვეყნის მილიონიანი დედაქალაქის მცხოვრებთა კონსტიტუციური უფლების მთავარი პრინციპის განხორციელებაზე – „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“.
მისივე თქმით, მეორე მხრივ კი გაძლიერდება შპს „საქართველოს ფოსტის“ ბაზარზე ოპერირება, რადგან დღესდღეობით, სწორედ აღნიშნული კომპანიის ტარიფები წარმოადგენს შედარებით ხელმისაწვდომ საშუალებას მოსახლეობისთვის.
მისივე განმარტებით, თუკი პარლამენტი უარს იტყვის საქმისწამოების დეპარტამენტის თბილისში შენარჩუნებაზე, გააძლიერებს ბაზრის მონოპოლისტს და ეს გადაწყვეტილება ბეგარად დააწვევა დედაქალაქის მოსახლეობას.


















