პოლიტიკა
პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება
დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო ფრაქციის-„მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა. შალვა კიკნაველიძის განცხადებით, ფრაქციის შემადგენლობაში 6 უპარტიო წევრია წარმოდგენილი: გიორგი ღვინიაშვილი,აკაკი ბობოხიძე, ლაშა დამენია, ლელა ქებურია, მამუკა ჩიქოვანი და ზურაბ ჭიაბერაშვილი. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
დეპუტატებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს. კომიტეტი დასკვნას ბიუროს სხდომაზე წარადგენს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის ბიურო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე.