საზოგადოება
პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ
საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ.
სავარაუდოდ, მიზეზი დარბაზში უსიამოვნო სუნის არსებობა გახდა, რის გამოც ტექნიკური შესვენებაც გამოცხადდა.
უსიამოვნო სუნის გამო, არსებული ინფორმაციით, ალერგიული ფონის მქონე რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. ექიმების დახმარება დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს და სვეტლანა კუტბას, ასევე პარლამენტის ერთ თანამშრომელს დასჭირდათ.
სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხდომათა დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა.
დეპუტატების ზაზა პაპუაშვილის და გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.
ამ დროისთვის სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები მუშაობენ.
ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებენ.