უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
პოლიტიკა
პარლამენტს საზეიმო და საიუბილეო სხდომის გამართვის უფლება მიენიჭა 22.05.2012 18:59

პარლამენტს საზეიმო და საიუბილეო სხდომების გამართვის უფლება მიენიჭა. რეგლამენტის შესაბამისი ცვლილება დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. რეგლამენტს სპეციალური 130-ე პრიმა მუხლი დაემატა, რომელიც ასეთი სხდომის გამართვას არეგულირებს. ახლად დამტკიცებული ცვლილებით, საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასა ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, შეიძლება გაიმართოს პარლამენტის საზეიმო და/ან საიუბილეო სხდომა.

ასეთი სხდომა შეიძლება მიეძღვნას კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს თუ ფაქტს. ასევე, შეიძლება ჰქონდეს სიმბოლური დატვირთვა. საზეიმო თუ საიუბილეო სხდომა ტარდება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან და ფაქტთან დაკავშირებით. მის შემდეგ სხდომა დაიხურება. საზეიმო და/ან საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, პარლამენტის თავმჯდომარე წარუძღვება. თუმცა თუ ის ამას ვერ შეძლებს, ამის უფლებას ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით მის ერთ-ერთ მოადგილეს მისცემს.

საზეიმო თუ საიუბილეო სხდომაზე სპეციალური სტუმრების მიწვევა იქნება შესაძლებელი. საზეიმო და საიუბილეო სხდომის ჩატარების გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე პარლამენტის ბიურო მიიღებს, ხოლო რიგგარეშე სესიისა და სხდომის მოწვევის შემთხვევაში, ასეთ სხდომას ჩვეულებრივი რიგგარეშე სხდომის მსგავსად მოიწვევენ.

როგორც ცნობილია, რომ პარლამენტი 26 მაისს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხდომის გამართვას აპირებს. თუმცა აქამდე პარლამენტს საიუბილეო სხდომის გამართვა რეგლამენტით არ შეეძლო.