პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრებს სასამართლომ 20 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
13.05.2012 11:09
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სამ წევრს: ლაშა ჯავახიშვილს, დევი ნანობაშვილს და გოჩა მანჯავიძეს 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევისათვის დაადგინა, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის სოსო გიორგაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა, რადგან პარტიის დაკავებულ წევრებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ ადვოკატის მომსახურებით და დროულად არ განემარტათ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. არ დაიკითხნენ პირები, რომლებიც შემთხვევის უშუალო მოწმეები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები 17:50 წუთზე პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს, რომელიც მიეძღვნა აფხაზთა, ქართველთა და ოსთა შერიგებისა და ერთობის დღეს.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების დაკავებას პარტიის ლიდერი ნანა გულუა გამოეხმაურა, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედება და უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ესოდენ მკაცრი განაჩენი გამოუტანა უდანაშაულო ახალგაზრდებს.
,,გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ მშვიდობიან აქციას, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, ქართველთა, აფხაზთა და ოსთა შერიგებისა და ერთობისთვის მზაობა, ჩვენი სამშობლოს გაერთიანების სურვილი, ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. როგორც დედა და ქალი, გულით ვუთანაგრძნობ ამ შესანიშნავი ახალგაზრდების მშობლებს ამ ფაქტს და მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებს ყველაზე უკეთ აქვთ გაცნობიერებული, თუ რა მძიმე რეჟიმის პირობებში ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა და რომ ასეთ ბიჭებს ამ ქვეყანაში მომავალი არა აქვთ. მათ ახლა იწვნიეს პოლიციური სახელმწიფო მანქანის მთელი სიმძიმე და ვფიქრობ, რომ ისინი აუცილებლად გააგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისა და ნამდვილი დემოკრატიისათვის.“ –აცხადებს ნანა გულუა.



















