უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
პარტიებისთვის შემომწირველთა ნაწილის ქონება აუქციონზე არ გაიყიდა 03.08.2012 17:40

პოლიტიკური პარტიებისთვის ცხრა შემომწირველის აუქციონზე გატანილი დაყადაღებული ქონებიდან ჯერ არცერთი გაყიდულა.

როგორც ,,მედიანიუსს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, დღევანდელ აუქციონზე გატანილია 9 პირის 15 ქონება, რომელთაგან ოთხ ქონებაზე მიმდინარე აუქციონი უკვე დასრულდა, თუმცა არცერთი არ გაყიდულა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ აკონკრეტებენ, ვის ეკუთვნის და რა სახის ქონებაა გატანილი აუქციონზე.

აუქციონის საბოლოო შედეგები 19.00 საათის მერე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის 17 შემომწირველის დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანა დღეიდან დაიწყო. დღეს აუქციონზე 9 შემომწირველის დაყადაღებული ქონება გავიდა. დანარჩენ შემომწირველთა ქონებას კი აუქციონზე 6 აგვისტოს გაიტანენ.

ეს იმ ადამიანთა ქონებაა, რომლებიც სასამართლომ პოლიტიკური პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობის გამო გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.

აღსტულების ეროვნული ბიუროს ცნობით, აუქციონის გამართვას წინ უსწრებდა ქონების მფობელთა გაფრთხილება ჯარიმის ნებაყოფლობით ანაზღაურების შესახებ, რომელიც მათ არ გაითვალისწინეს.

პოლიტიკური პარტიების 17 შემომწირველიდან 12 ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ დონორი იყო. ამ 12 ადამიანზე დაკისრებული ჯარიმის საერთო ოდენობამ 861 500 ლარი შეადგინა.

ოთხი ადამიანი, რომელთაც საერთო ჯამში 284 845 ლარის ჯარიმა დაეკისრათ, კახა კუკავას ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ დონორი იყო.

ერთმა პირმა კი თანხა ნაციონალური მოძრაობას ჩაურიცხა და ის 25 ათასი ლარით დაჯარიმდა.