საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლეში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების შესახებ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების შესახებ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.
ფორუმი გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. მან ისაუბრა, რომ ფორუმის მთავარი მიზანი ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა და განხილვაა.
“ჩვენთან ჯერ კიდევ ბავშვები ცხოვრობენ ქუჩაში. ის სირთულე, რომელიც უკავშირდება შშმ ბავშვების ინტეგრაციას, ყოველივე ეს პრობლემა, ბუნებრივია, მუდმივად ნებისმიერ საზოგადოებაში იარსებებს და არსებობს. უბრალოდ, საზოგადოებები იზომება იმის მიხედვით, რამდენად გააჩნიათ უნარი ამ საზოგადოებებს, ამ სახელმწიფოებს, ამ პრობლემების დაძლევის და ერთობლივად ამ სირთულეების გადაწყვეტის. მე ვხედავ მზაობას საქართველოს მთავრობაში - აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებში, ამ პრობლემას გაუსწორონ თვალი და ნაბიჯები გადაიდგას სირთულეებიდან გამოსვლის თვალსაზრისით“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
ფორუმში მონაწილეობენ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესინალების კავშირ "ჩვენი ბავშვების" წარმომადგენლის ლია ტაბატაძის თქმით, თავის მოხსენებაში ის ისაუბრებს შშმ ბავშვებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე.
“ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ვისაუბრებთ. მე კონკრეტულად ვისაუბრებ შშმ ბავშვების მიმართ, თუ რა სისტემური ხარვეზებია, ეს როგორ აისახება მათი ოჯახებისა და კონკრეტული ბავშვის განვითარების, ცხოვრების ხარისხის დონეზე“,- განაცხადა ტაბატაძემ.
ანა მებურიშვილი