პრეზიდენტმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები – “ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს” გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს სანთელი დღეს ჩვენთვის კომპიუტერია
10.05.2012 23:23
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ჩამოყალიბებას დადებითად აფასებს.
როგორც პრეზიდენტმა დღეს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელ-მუზეუმში ზემოხსნებული პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, დღევანდელ ეპოქაში ცოდნა ყველაფერია, “ფულზე დიდი ბაზარი აქვს, ხმალზე მეტად ჭრის და ზარბაზანზე უფრო ძლიერია”. სააკაშვილის აზრით, საქართველომ ინვესტიციები სწორედ განათლებასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში უნდა ჩადოს. პრეზიდენტმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები – “ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს” გაიხსენა და განაცხადა, რომ დაახლოებით იგივე სანთელი დღეს არის კომპიუტერი.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ილია ჭავჭავაძეს ახალი საბაჟო ტერმინალები აუცილებლად მოეწონებოდა.
"ის ძალიან ბევრს წერდა თავისუფალ ვაჭრობაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მანვე 1900 წელს "ივერიაში" ილია ჭავჭავაძის მიერ გამოქვეყნებული წერილი გაიხსენა, სადაც მისი თქმით, ავტორი მაღალი ხარისხის ღვინის დამზადების აუცილებლობაზე საუბრობდა. პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე წლის წინ ქართული ღვინო უხარისხო იყო, დღეს კი, ბაზარზე უკეთესი ღვინო გამოდის.
"რუსეთმა შარი მოგვდო, რომ თითქოს, ჩვენ ღვინოში საწამლავი იყო. რა თქმა უნდა, ასე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე წლის წინ ქართული ღვინის დალევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ახლა ამის თქმა არ შეიძლება. დიდი მადლობა მოძმე რუსეთს, რადგან მათ გვაიძულეს, გამოგვეშვა უკეთესი ღვინო", - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის: იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პირველ ეტაპზე საქართველოს სამასამდე სოფელშია კომპიუტერული ცენტრების შექმნა დაგეგმილი. ამ ცენტრებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ისწავლოს ინტერნეტით სარგებლობა, მათ შორის, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და უფრო მეტიც, საკუთარი პროდუქციის Oნლინე გაყიდვა.
პროექტის მიზანია რეგიონის მოსახლეობისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობის მიცემა, რათა მიღებული ცოდნა ბიზნესსაქმიანობაში პრაქტიკულად გამოიყენონ. კომპიუტერული მომსახურების ცენტრებში ადგილობრივი ინსტრუქტორები იმუშავებენ.
დაინტერესებული პირებისთვის კონსკურსი 15 ივნისიდან გამოცხადდება





















