უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
პრეზიდენტმა შაშკინის თავდაცვის სფეროში გადაყვანა თავდაცვის საერთაშორისო პროგრამას დაუკავშირა 04.07.2012 18:48

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი შაშკინის “გადაყვანის” გადაწყვეტილება იმითაც იყო განპირობებული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სისტემასთან ინტეგრაციის პროგრამას იწყებს, ხოლო შაშკინს ამერიკელებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტრში სტუმრობისას ისაუბრა.

“დიმიტრის აქ გადმოყვანა იმითაც იყო განპირობებული, რომ ის იყო ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. იქ წლების განმავლობაში მუშაობდა. ჩვენ ახლა ვიწყებთ შეიარაღებული ძალების საერთაშორისო სისტემაში ინტეგრაციის ძალიან ფართო პროგრამას, მათ შორის აშშ-თანაც. აშშ-მა ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა და ახლა უკვე ჰილარი კლინტონმა და შემდგომმა დელეგაციებმა დააკონკრეტეს მნიშვნელოვანი, ისტორიული, მე ვიტყოდი, გადამწყვეტი პროგრამა ჩვენი დახმარებისა თავდაცვის სფეროში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, შაშკინი იდეების გენერატორია, რომელსაც ამ თვალსაზრისით საინტერესო მოსაზრებები ექნება.

“შაშკინი არის ძალიან კოლეგიალური ადამიანი, მასთან მუშაობა ძალიან ადვილია, იგი გახსნილია იდეებისთვის, ძალიან დემოკრატიული და თავმდაბალია. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი აქ და არა მარტო ბრძანებების შემსრულებლები”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინსიტრის თანამდებობაზე შაშკინმა ბაჩო ახალაია შეცვალა, რომელიც თავის მხრივ შს მინისტრად დაინიშნა.