უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
`ქართული ოცნება~ კურტანიძე-ჭელიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს 20.06.2012 17:45

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვაში ბრალდებულ ზაზა ჭელიძესა და `მოსყიდულ პოლიციელ~ ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელევს, რომელსაც `მედიანიუსი~ უცვლელად გთავაზობთ:

`კურტანიძე-ჭელიძის საქმესთან დაკავშირებით, გვინდა, ხელისუფლების საყურადღებოდ აღვნიშნოთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ არ საჭიროებს რაიმე ჩანაწერებს და, მით უმეტეს, მათი მოპოვების ორგანიზებაში მონაწილეობას. ჩვენთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, თუ რა განწყობა სუფევს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიციაში. ასეთი ტიპის უამრავი ინფორმაცია შემოდის ყოველდღიურად კოალიციაში მხარდამჭერების და მოხალისეების მხრიდან, რაც ქმნის აბსოლუტურად ნათელ სურათს საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობის შესახებ.

პირიქით, ხელისუფლებას კურტანიძე-ჭელიძის საქმე თავად სჭირდება ჩვენი კოალიციისთვის ჩრდილის მისაყენებელად, მაგრამ ამგვარი მეთოდები უკვე აღარ ჭრის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პატიმარ ადამიანს იყენებს იარაღად ამ ბინძურ საქმეში.

ამასთან, ჩვენს შეშფოთებას იწვევს პოლიციელი ლაშა კურტანიძის ბედი, რომელიც შესაძლოა თავად იყოს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი. როგორც მისი მეუღლის მიერ ერთ-ერთ ტელევიზიაში მიტანილი წერილიდან იკვეთება, ლაშა კურტანიძის მიმართ თბილისის საპატრულო პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის - გიორგი გეგეჭკორის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა წამებისა და ფიზიკური განადგურების მუქარის ფაქტს, რის შემდეგაც, ლაშა კურტანიძე იძულებული გახდა, ჯერ მიეცა ცრუ ჩვენება, ხოლო შემდეგ მიმალულიყო.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პირი და მისი ოჯახი სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას და, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციას ამ საქმესთან შეხება არ აქვს, ჩვენ ვუცხადებთ ლაშა კურტანიძის ოჯახს თანადგომას და კანონით დაშვებულ ყველა ზომას მივმართავთ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მათი მხარდაჭერის მიზნით. ლაშა კურტანიძის საქმე აჩვენებს, თუ როგორ ექცევა სააკაშვილის ხელისუფლება სამშობლოს სამსახურში მდგარ პოლიციელებს.

ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს , როგორც ლაშა კურტანიძის ოჯახის, ასევე პატიმარ ზაზა ჭელიძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება, რომელთაც, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მიაცემინეს მათთვის საჭირო ე.წ. აღიარებითი ჩვენება. მოვითხოვთ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე წერილში მოყვანილი წამებისა და მუქარის ფაქტზე, დაიკითხოს გიორგი გეგეჭკორი, დადგინდეს სიმართლე და დაისაჯონ დამნაშავეები~.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შსს-ში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ მოხდა პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვა. მოსყიდულ პოლიციელს, კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ, ლაშა კურტანიძეს დაევალა თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა. კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით განხორციელდა შეხვედრების სიმულირება რომლის შედეგადაც დადასტურდა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი.

გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მის მიმართ მოპოვებული მტკიცებულებები. მან აღიარა დანაშაული და გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. იგი ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში და მოახდინა დანაშაულის შემკვეთის, ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა. მოგვიანებით კურტანიძემ დაარღვია შეთანხმების პირობები, გააფრთხილა ჭელიძე და მიილამა. ამჟამად ჭელიძე დაკავებულია, ხოლო კურტანიძეზე გამოცხადდა ძებნა.

ამასთან, ირკვევა, რომ ზაზა ჭელიძე არის კოალიცია `ქართული ოცნების~ წარმომადგენლის, ირაკლი სესიაშვილის მეგობარი. დაკავებულის ჩვენების მიხედვით, მან პოლიციელ კურტანიძის მიერ გაკეთებული ჩანაწერი გადასცა სესიაშვილს, რომლისგანაც სანაცვლოდ 3 ათასი დოლარი მიიღო, რომელიც შემდეგ კურტანიძეს გადასცა.