უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
ქართული ოცნების დაკავებულ წევრებს საპატიმროში აწამებენ – ადვოკატი 19.07.2012 17:26

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის განცხადებით, 12 ივლისს კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სამი წევრის: ცოტნე შენგელიას, კახაბერ გოგიაშვილისა და ვლადიმერ ჯანეზაშვილის დაკავების და მათთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოხდა.

კალაძემ დღეს კოალიციის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ პირთა დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

მისი თქმით, კოალიცია ყველა უსაფუძვლოდ დაკავებულს დაიცავს და მათ ოჯახებს მხარდაჭერას გამოუცხადებს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა თედო კობახიძემ ისაუბრა იმის შესახებ თუ რა პირობებში უწევთ ზემოხსენებულ პირებს ადმინისტრაციული 15-დღიანი პატიმრობის გატარება.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ იგი შეხვდა კახაბერ გოგიაშვილს, რომელიც ამტკიცებს, რომ საკანში მის წინააღმდეგ წამება ხორციელდება.

ადვოკატის თქმით, გოგიაშვილი სასჯელს საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იხდის. აღნიშნული დაწესებულების უფროსი ნიკოლოზ გაბაშვილი და მისი თანამშრომლები გოგიაშვილის წინააღმდეგ ზეწოლას ახორციელებენ. ისინი აიძულებდნენ, რომ მას შეეგინებინა კოალიციის ლიდერები - ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ზურაბ ზვიადაური, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ამის გამო ადვოკატის თქმით, სამი დღის განმავლობაში დაკავებულს არ მისცეს საკვები და მას სისტემატიურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. გარდა ამისა, თითქმის არ აძლევდნენ საპირფარეშოში გასვლის საშუალებას, რადგან მას საათობით ალოდინებდნენ.

კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაკავებული კოალიციის ადვოკატებმა მოინახულეს, საგარეჯოს იზოლატორში ვითარება შედარებით შეიცვალა. იზოლატორის თანამშრომლებმა მუხლებზე დააჩოქეს დაკავებული და ჰკითხეს, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა მან ადვოკატებს. ამის შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფაც.

ადვოკატის განცხადებით, გოგიაშვილს ამჟამად შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ცოტნე შენგელიას, რომელიც კახა კალაძის მეგობარია, ადვოკატი აცხადებს, რომ სანამ მას თელავის წინასწარ დაკავების იზოლატორში მოათავსებდნენ, მასზე შს სამინისტროს თანამშრომლების, კერძოდ ქუთაისში მობილიზებული კუდ-ის და სოდ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

ადვოკატის მტკიცებით, შენგელიას აიძულებდნენ, რომ მას პოლიტიკური საქმიანობისთვის თავი დაენებებინა, წინააღმდეგ შემთხვევში კი მისი და მისი ოჯახის წევრების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

ადვოკატი აცხადებს, რომ ამჟამად შენგელიასაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

რაც შეეხება მესამე დაკავებულს, ვლადიმერ ჯანეზაშვილს, კობახიძის თქმით, მას შიმშილობა არ გამოუცხადებია.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ადვოკატებმა ზემოხსენებული ფაქტების შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს პროკურატურა, უწყებათაშორისი კომისია, სახალხო დამცველის აპარატი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ლაშა თოდრია.

ადვოკატის თქმით, ისინი მომხდარის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გააცნობენ. დაკავებულები აცხადებენ, რომ ზეწოლის მიუხედავად ისინი პოლიტიკურ საქმიანობაზე უარის თქმას არ აპირებენ და „ქართული ოცნების“ გვერდში დგომას მას შემდეგაც გააგრძელებენ, რაც საპატიმროებს დატოვებენ.