უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენზე ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა 20.07.2012 15:27

ფონდ „ ღია საზოგადოება _ საქართველოს“ ოფისში გაიმართა სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია, რომელიც ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის მიმართ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან განხორციელებულ დევნას ეხება.

როგორც „მედიანიუსს“ სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტმა და ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი მგელაძემ განუცხადა, ფილმი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი ბეგიაშვილისთვის წაყენებულ ბრალს _ თაღლითობას ეხება, მეორე ბიზნესმენისთვის ქონების ჩამორთმევას, მესამე ნაწილი კი აღწერს იმას, რომ სახელმწიფო ბიზნსმენს ედავება 2 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადების დამალვას.

`ჩვენ მოვიძიეთ მასალები, მტკიცებულებები, შევისწავლეთ დოკუმენტაცია და ფილმში ავსახეთ ის კანონდარღვევები, რაც ბეგიაშვილის და მისი კომპანიების წინააღმდეგ განახორციელა სახელმწიფომ“, _ განაცხადა გიორგი მგელაძემ და დასძინა, რომ საქმე ეხება კომპანიებს „ვაკე 5“ და „ალბატროს ბრეზენტს“. „ალბატროს ბრეზენტი“ ვაკეში, ჭავჭავაძის 44 ნომერში მდებარეობდა და ეწეოდა საიუველირო და საასაათე პროდუქციის რეალიზაციას. აღნიშნული კომპანია ბოლო 15 წლის განმავლობაში იყო რამდენიმე უცხოური ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

„ამ ფილმში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ადამიანს აშკარად მხარს უჭერენ გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოები. ფილმში გამოყენებულია ამ საელჩოების მთავარი პირების მიერ გაგზავნილი წერილები ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრების სახელზე, სადაც ისინი ღიად აფიქსირებენ, რომ ბეგიაშვილის უფლებები დაირღვა და მის მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები. საელჩოები ამ ყველაფრისთვის სამინიტროებს შესაბამის რეაგირებას სთხოვენ“, _ აღნიშნა გიორგი მგელაძემ.

დავით ბეგიაშვილი ფილმში გამოთქვამს რამდენიმე ვარაუდს, თუ რატომ განახორციელა სახელმწიფომ მის მიმართ აღნიშნული ქმედებები. პირველი ვარაუდით ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდოდათ მისი ძვირადღირებული ქონების ხელში ჩაგდება, რაც განახორციელეს კიდეც. მისი ქონება ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზეა. მეორე ვერსიით, უნდოდათ მისი ბიზნესის ჩანაცვლება.

„ბეგიაშვილი ზეწოლაში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამბობს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში გასული წლის მაისში მას იარაღით ემუქრებოდნენ და სთხოვდნენ, რომ დაეთმო სახელმწიფოსთვის ჭავჭავაძის 44-ში არსებული ფართი და დაევიწყებინა, რომ საერთოდ ჰქონდა და რადგან მან ამაზე უარი განაცხადა, ამის შემდეგ განხორციელდა მის მიმართ ყველა აღნიშნული ღონისძიება“ , _ განაცხადა გიორგი მგელაძემ და დასძინა, რომ ჭავჭავაძის 44-ში მდებარე ფართის ღირებულება მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარია. ბეგიაშვილი ამ დროისათვის შვეიცარიაში იმყოფება. მან შვეიცარიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა და მიიღო კიდეც. საქართველოში კი მასზე გამოცხადებულია ძებნა. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.