უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
რასაც სააკაშვილი ჩემს წინააღმდეგ მიმართავს, ყაჩაღობაა _ ბიძინა ივანიშვილი 15.07.2012 20:22

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ის საქციელი, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ მიმართავს, ყაჩაღობაა.

როგორც მან გორში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ეს ხელისუფლება რომ სრულდება და მის ძალაუფლებას ბოლო ეღება, ამას სააკაშვილი კარგად ხედავს და გრძნობს.

„მისი ბოლოდროინდელი მოქმედებები ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ მხოლოდ გონებაარეული კაცის ნაფიქრალი შეიძლება იყოს. სახელმწიფო მეთაურები ასე არ იქცევიან. ის საქციელი , რომელსაც სააკაშვილი ჩემს წინააღმდეგ მიმართავს, ყაჩაღობაა. მას არ ენაღვლება არც კანონი, არც სამართალი, არ საზოგადოებრივი განწყობა და რაც განსაკუთრებით თვალში საცემია, აღარც დასავლელი პარტნიორების აზრი აინტერესებს, რომელსაც აქამდე მეტ-ნაკლებად უწევდა ანგარიშს.

„ქართუ ჯგუფის“ დაყადაღებისა და ქონების გაყიდვით სააკაშვილმა მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახვა, როგორ ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტს. ამ ბანკის ჩამორთმევა ვერაფერს ავნებს ჩემს კაპიტალს. „ბანკი ქართუ“ ინვესტიციაა. ეს ის პროექტია, რომელიც ჩემი ხალხის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის განვახორციელე. ეს ბანკი ჩემი მოგებისათვის არ გამიხსნია“, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მან კომპანიების: „ბურჯისა“ და „ელიტ ბურჯის“ დაყადაღებაზეც ისაუბრა.

ივანიშვილის მოსაზრებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ კოალიციას სატრანსპორტო საშუალებებს ჩვეულებრივ კომერციულ ფასებში მხოლოდ ისინი აქირავებდნენ. ამასთან, ისინი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაკვეთებს ასრულებდნენ.

„ოღონდ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შეაჩერონ, ამათთვის მეტი არაფერია საინტერესო. ამ მეთოდებით ჩემი შეჩერება და დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ ამის გათვლის უნარი არ აქვს“, _ დასძინა ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა.