უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
რომან დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილების ვინაობა დასახელდა (ვიდეო) 04.07.2012 17:13

დღეს დილით დაკავებულმა, ყოფილი გენერლის რომან დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა, მოსკოვის საგამოძიებლო განყოფილებაში ჩვენებები მისცეს.

,,Lifenews” ცნობით, ეჭვმიტანილებს შორის არის 26 წლის მიხეილ ტონია.

ტონიას ახლობლების განცხადებით, აღნიშნულ საქმეში მისი ჩართვა შემთხვევითობა იყო- მის საცხოვრებელ ბინაში პერიოდულად ცხოვრობდა და პირად ნივთებს ინახავდა, მისი ნაცნობი თორნიკე კვირიკაშვილი, რომელიც ამჯამად ძებნაში იმყოფება.

დღეს დილით ტონიას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ის დაკითხვისათვის საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს.

მიხეილ ტონიას დედის ელენა ლარინოვას განცხადებით, სამართალდამცავები მათთან დილის 06:00 საათზე, ნიღბებით შეიჭრნენ.

,,გვაჩვენეს სურათი, რომელზეც ავტომობილი იყო აღბეჭდილი და გვკითხეს მანქანა, რომელიც ჩვენს ეზოში იდგა, გვეკუთვნოდა თუ არა ჩვენ? მე ვუპასუხე, რომ ავტომანქანა ჩვენ არ გვყავდა. ეს ავტომანქანა ჩემი შვილის მეგობარს თორნიკე კვირიკაშვილს ეკუთვნოდა,”-აღნიშნავს მიხეილ ტონიას დედა.

მისი თქმით, მისმა შვილმა კვირიკაშვილი დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო, ივნისის დასაწყისში კი თორნიკემ მას მათთან დროებით ცხოვრების თხოვნით მიმართა.

მიხეილ ტონიას ძმის გრიგორი ტონიას თქმით, მისი ძმა ნარკოტიკების გამო ნასამართლევი უკვე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში გამოსწორდა, მკურნალობდა და აგვისტოში დაქორწინებას აპირებდა.

დაკავებულის დედის თქმით, მის შვილთან ერთად განყოფილებაში კიდევ ორი პიროვნება მიიყვანეს.

გამოძიების ინფორმაცით, სამივე დაკავებული რომან დუმბაძის მკვლელობის უშუალო შემსრულებლები არიან.

დუმბაძის მკვლელობის ფაქტზე სამივე დაკავებული საქართველოს მკვიდრია და მათთან მიმართებაში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, მოსკოვში დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს სხვა მძიმე დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაშიც არიან ეჭვმიტანილები.

მიხეილ ტონია დაკითხვის შემდეგ საგამოძიებლო განყოფილებიდან გაათავისუფლეს. მან პრესასთან კონტაქტი არ ისურვა და შენობა უკომენტაროდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი გენერალი რომან დუმბაძე 21 მაისს უცნობმა პირებმა ჩაცხრილეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადის #20350-ე სამხედრო ნაწილის მეთაური, გენერალ-მაიორი რომან ნოდარის ძე დუმბაძე 2004 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლდა და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასლან აბაშიძის მხარდამჭერი გენერალი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ქართულმა მხარემ რუსეთს ქართველ ტყვეებში გაუცვალა. ამის შემდეგ იგი რუსეთში ცხოვრობდა.