უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აპრილი, 2017 12:10
font-size

რომელი დარღვევისთვის რამდენი ქულა ჩამოაკლდება მძღოლს - ივლისიდან მართვის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება

1 ივლისიდან საქართველოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის განახლებული ვერსია ამოქმედდება, რომელიც გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით, ერთხმად დაამტკიცა.

ცვლილებები კიდევ 4 კანონში შევა.

კერძოდ, შემოდის მართვის 100-ქულიანი სისტემა. მძღოლს ქულები საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის ჩამოაკლდება.

კანონის თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს ენიჭება 100 ქულა. წინა წლის შემორჩენილი ქულები არ ინახება. თუკი მძღოლს ქულები ამოეწურება, მას ავტომატურად უუქმებენ მართვის მოწმობას, რომლის აღსადგენად მან ან მართვის გამოცდა ხელახლა უნდა ჩააბაროს ან დაელოდოს ერთი წლის გასვლას, როცა მართვის მოწმობას ისევ გაუაქტიურებენ.

ქულების ჩამოკლება მხოლოდ პატრულს შეუძლია, პირისპირი დაჯარიმების გზით. უკონტაქტო პატრულის მიერ, ფოტო- და ვიდეოფირებზე აღბეჭდილ საგზაო დარღვევაზე 100-ქულიანი სისტემა არ ვრცელდება.

საგზაო დარღვევებს ქულები შემდეგნაირად მიენიჭა:

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, -30 ქულა;

ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, -40 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, -40 ქულა;

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

თუკი მძღოლს ან მის გვერდით მჯდომ მგზავრს არ უკეთია უსაფრთხოების ღვედი, გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. -5 ქულა;

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მობილურით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. -15 ქულა;

მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით -5 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, ასევე ავტომობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. -5 ქულა;

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ან მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანა საგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით. -5 ქულა;

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. -10 ქულა;

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. -10 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. -15 ქულა;

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით, -5 ქულა. აღნიშნული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -10 ქულა. მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა ერთი წლის განმავლობაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით -15 ქულა; მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, -15 ქულა;

თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -25 ქულა; განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -30 ქულა;

B კატეგორიის ან A1 ან B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, -30 ქულა;

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას, -20 ქულა;

თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევებს მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან მართვის უფლების ორი წლით შეჩერებას, -35 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-სა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, -30 ქულა.ხოლო, თუკი იგივე სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, -40 ქულა;

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, -5 ქულა;

სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის დაწყების ან/და წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, -5 ქულა;

მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, -30 ქულა;

აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

მგზავრთა გადაყვანის, ან ტვირთის გადაზიდვის წესის დარღვევა, ჯარიმა 100 ლარი, -10 ქულა. იგივე ქმედება, როემლსაც მოჰყვა რაიმე სახის დაზიანება, ჯარიმა 250 ლარი, -20 ქულა;

ტრანსპორტით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ჯარიმა 40 ლარი, -20 ქულა;

საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, ჯარიმა ხუთი ათასი ლარი, -25 ქულა;

საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის დროს ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევა, ჯარიმა 500 ლარი, -15 ქულა;

გზაზე მოძრავი ავტომობილის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე 10 ტონაზე მეტი ტვირთის, ან ფაქტობრივი მასისი 44 ტონის გადაჭარბების შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარი, -15 ქულა.

ანა მებურიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი