უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
სამართალი
რუსთაველის გამზირზე დაკავებული პირები საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს 12.05.2012 18:40

დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ დევნილთა შეკრებიდან დაკავებული პირები თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, “განახლებული საქართველოსთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ბრალს სავარაუდოდ, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად წაუყენებენ. ზემოხსენებული მუხლი ტრანსპორტისთვის გადაადგილებაში ხელის შეშლას გულისხმობს და ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის შენობის წინ, “განახლებული საქართველოსთვის” მიერ ორგანიზებულ დევნილთა შეკრებაზე ინციდენტი მოხდა.

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დევნილებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს, პოლიციელებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა აღადგინეს. პარტიის წარმომადგენლებმა სამართალდამცველების ქმედება პროვოკაციად მიიჩნიეს, რადგან მათი თქმით, აქციის მონაწილეების ქუჩის გადაკეტვის უფლება მერიისგან მიღებული სანქციით ჰქონდათ გარანტირებული.

მოგვიანებით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა სოსო გიორგაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა პარტიის 6 წევრი დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.