საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს ლანჩხუთში „ინფო9“-ს ოპერატორის წინააღმდეგ მომხდარი ინციდენტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მყისიერად გამოიძიონ ქონების დაზიანების, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და სხეულის დაზიანების ფაქტი.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წინ გაჩერებული სამარშრუტო ტაქსის მგზავრების გადაღებისას, გადამღები ჯგუფის მიერ დასმულმა შეკითხვებმა ახალგაზრდა მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჯერ ჟურნალისტს დაუყვირა, ხოლო შემდეგ გადაღების შეწყვეტის მიზნით კამერას ხელი დაარტყა. აღნიშნული ქმედების გამო „ინფო9“–ის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს სახის არეში მიადგა დაზიანება. მოგვიანებით ოპერატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დაზიანებულია სააგენტოს კუთვნილი აპარატურა.


















