უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
სახალხო დამცველმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა 16.05.2012 16:42

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს მოქალაქე ზეინაბ ბიწაძის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც `მედიანიუსს~ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებებით მიმართა მოქალაქე ზეინაბ ბიწაძემ მისი შრომის უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია.

მოქალაქე ზეინაბ ბიწაძე მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2010 წლის 10 ნოემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის რაიონული სამმართველოები და შეიქმნა კახეთის რეგიონალური სამმართველო, რომელმაც გააერთიანა თელავის, ყვარლის, ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოების მოქმედების სფერო.

2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ბრძანებით სამსახურის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ზეინაბ ბიწაძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97–ე მუხლი.

ზეინაბ ბიწაძეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის რაიონულ სამმართველოში არსებული შტატით გათვალისწინებული თანამდებობებიდან ეკავა ერთ–ერთი. შესაბამისად, ის, თუ რატომ მოხდა ზეინაბ ბიწაძის თანამდებობიდან გათავისუფლება და რის საფუძველზე მიენიჭათ დანარჩენ სპეციალისტებს (რომლებმაც შეინარჩუნეს თანამდებობები) უპირატესობა, უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ყველა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა ზეინაბ ბიწაძის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომლითაც დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც წარმოშობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.