პოლიტიკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წინასაარჩევნოდ განსაზღვრული ქმედებები ახლებურად დაარეგულირა- ნინო ბურჯანაძე
პარტია `დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პოლიტიკურ პარტიებსა და კომერციულ ორგანიზაციებს შორის წინასაარჩევნოდ განსაზღვრული ქმედებები ახლებურად დაარეგულირა.
როგორც ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამოდიოდნენ მოთხოვნით, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესებულიყო, თუმცა, მისი თქმით, სამწუხაროდ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ვერ მოხერხდა.
„ახლა, საქმე ისე მიდის, უნდა გამოვიდე ახალი ინიციატივითა და მოთხოვნით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო არ გააუარესოს საარჩევნო გარემო. სამწუხაროდ, შევეჩეხეთ კედელს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ 2016 წლის 5 მაისს, თავისი ახალი ბრძანებით ააგო. ამ ბრძანებით, მან პოლიტიკურ პარტიებსა და კომერციულ ორგანიზაციებს შორის წინასაარჩევნოდ განსაზღვრული ქმედებები სრულიად ახლებურად დაარეგულირა”, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბრძანების მეათე მუხლით, ახლებურად რეგულირდება პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა.
”მეათე მუხლში ვკითხულობთ: პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა - ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი და გარე რეკლამა, უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბრძანების ამოქმედებამდე, პოლიტიკურ პარტიებს კომერციულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების გზით შეეძლოთ, გადაეწყვიტათ თანხის ნაწილობრივი გადახდის საკითხი - დღეს პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უმძიმეს მდგომარეობაში არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ამ პროტესტს ყველა პოლიტიკური პარტია მხარს დაუჭერს. ეს ბრძანება უმძიმეს ვითარებაში გვაყენებს. პრაქტიკულად, გვერთმევა შესაძლებლობა, რომ დამატებითი სარეკლამო საშუალებები შევიძინოთ. საუბარია ელემენტარულად ბუკლეტებზე, ფლაერებზე. ეს ბრძანება არის დანაშაულებრივი. მე საგანგებო წერილი მივწერე პრემიერ-მინისტრსა და ლაშა თორდიას და მათგან პასუხს ველოდები. ასევე, საქმის კურსში ჩავაყენეთ დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.