უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ნოემბერი, 2017 16:55
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოქალაქე გივი შანიძის სარჩელი, რომელიც გულისხმობს მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სრულ გაუქმებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის აღარავინ არ დაისჯება.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება.

2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №732) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, 2017 წლის 26 ივლისს, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით სადავო ნორმაში შევიდა ცვლილება. თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მოქმედი რედაქცია სისხლის სამართლის წესით კვლავაც დასჯადად აცხადებს მარიხუანის განმეორებით მოხმარებას და არსებითად იმეორებს სადავო ნორმის გასაჩივრებული რედაქციის ნორმატიულ შინაარსს. ვინაიდან, განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, კვლავაც არსებობდა მოსარჩელეთა უფლების დარღვევის საფრთხე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, გაეგრძელებინა სამართალწარმოება და შეეფასებინა ძალადაკარგული ნორმის ნორმატიული შინაარსი.

მოსარჩელის განმარტებით, მარიხუანის მოხმარება შეიძლება მოხდეს როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით. პირის უფლება, საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება, დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ჩარევისგან აბსოლუტურად დაცული სფეროთი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება, მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა, მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.

მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება. ასევე, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო, წარმოედგინა მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა, თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ვინაიდან იგი სისხლისსამართლებრივი წესით ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აწესებს სისხლისსამართლებივ პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის მოხმარების ადგილის, ვითარებისა და სუბიექტის, საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის რეალურობის მიუხედავად.

გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №732) მიღებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი