პოლიტიკა
საკრებულო ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისში კიდევ ორი ტერიტორიის გადაცემას გეგმავს - “კურიერი”
დღეს დედაქალაქის საკრებულოში თბილისის ორი ტერიტორიის კერძო პირისთვის გადაცემის საკითხზე იმსჯელებენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, საქმე ეხება ბოტანიკური ბაღის ნაწილს და პუშკინის სკვერთან არსებულ ტერიტორიას. ამ ტერიტორიებით კი „პანორამა თბილისის“ მშენებლი კომპანიაა დაინტერესებული.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბოტანიკური ბაღისა და პუშკინის სკვერის შესახებ გენგეგმის დამტკიცების ფარგლებში იმსჯელებენ.
„თაბორის მთაზე კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და ამ ტერიტორიის საირიგაციო სისტემების მოწყობისთვის, დამატებით მთლიანი ტერიტორიის 1%-ზე ხდება ზონის ცვლილება. დამუშავდა ის ადგილები, რომელზეც ქალაქს აქვს ინტერესი, რომ განხორციელდეს მიწისქვეშა პარკინგები და ასევე ერთ-ერთი გახლავთ პუშკინის მოედანზე,“ - ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ტყემალაძე.
ოპოზიციის განცხადებით კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები აჩენს განცდას, რომ ისინი ან მოსწრებაზე არიან გადასული , ან წინასაარჩევნოდ ადამიანების საჩუქრების გაკეთებაზე:
„ამ საკითხების უმრავლესობა ეხება ქონებების გადაცემას. გვიჩნდება განცდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ან მოსწრებაზეა, ან წინასაარჩევნოდ ადამიანების საჩუქრების გაკეთებაზე,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.