საზოგადოება
საკრებულოშო ოპოზიციის ინიცირებული სხდომა ჩაიშალა - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულები კი მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც უნდა ემსჯელათ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შესახებ, ჩაიშალა. ფრაქციის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, კვორუმი არ შედგა, რადგან სხდომაზე არ მივიდნენ უმრავლესობისა და მერიის წარმომადგენლები.
სხდომას მხოლოდ 7 ოპოზიციონერი დეპუტატი და მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული 14 პირიდან 2 დაესწრო.
„სურვილი მქონდა, დღეს შევხვედროდი იმ კომპეტენტურ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ კითხვებზე პასუხს გაგვცემდა. სამწუხაროდ, დღეს უმრავლესობის არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფება, რაც ძალიან ცუდია. კითხვები ბევრი გვაქვს“, -თქვა ერთ-ერთმა დაზარალებულმა გიორგი საკრაულმა.
მან ასევე გაიხსენა სხვა დაშავებულის, დიმიტრი ფაილოძის შემთხვევა, რომელმაც მკურნალობის ხარჯების დასაფარავად ონლაინ-სესხი აიღო. გუშინ ჯი-ეიჩ-ენმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ფაილოძესთან, რომლიდანაც ირკვევა, რომ მზადყოფნის მიუხედავად მერია მის მკურნალობას არ აფინანსებს. ფაილოძის თქმით, მას რამდენიმე თვეში მეორე ოპერაცია უნდა გაიკეთოს ფეხზე და ამ ხნის განმავლობაში ის მუშაობას ვერ შეძლებს.
საკრებულოში მისულმა მეორე დაზარალებულმა, რუსუდან მებონიამ განაცხადა, რომ მერია ან სხვა უწყება არ დაინტერესებულა მისი მდგომარეობით.
„არავის დაურეკავს და არ მოვუკითხივარ, როგორ ვარ. ჩვენზე უარესად არიან, ადამიანები ლოგინში წვანან და ოპერაციას ელოდებიან. 21-ე საუკუნის საქართველოში რომ ეს ხდებოდეს, სამარცხვინოა“, -თქვა მებონიამ.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი 30 იანვარს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.