საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა - გიორგი ღიბრაძე
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხი და საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
ასე უპასუხა გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტების კითხვას, „რატომ არ აკეთებენ სხდომის შემდეგ კომენტარებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და რა იყო საბჭოზე დაპირისპირების მიზეზი“.
„მაგაზე პასუხი მე ნამდვილად არ მაქვს. საბჭოზე რაც მოხდა, მოგახსენეთ, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება ხოლმე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს და მათ მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ.