სალომე ზურაბიშვილი ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ეხმაურება
25.06.2012 18:35
სალომე ზურაბიშვილი ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ბაგრატის ტაძრის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქცია.
"ახალ ბაგრატში " - აქ უკვე აღდგენაზე და რეაბილიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია. პომპეზურად შესვლა გახდა პრეზიდენტის მთავარი ახირება, რაც უთუოდ გამძაფრდა ივანიშვილთან პოლიტიკური კონკურენციის და სამების "კომპლექსის" ფონზე. ამ პიროვნული ახირების და ჩვენი ექსპერტების და სხვა პასუხისმგებელი პირების მონურ დამოკიდებილების მსხვერპლი გახდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და პირველ რიგში, ბაგრატი. ბაგრატის საკითხის და იუნესკოს დასკვნების შესახებ ტყუილების კორიანტელი ხშირად გვესმის, რომლის მიზანი ერთია - ხალხის გაბრუება და გადაფარვა იმ რეალური საფრთხის, რაც ემუქრება არა მხოლოდ ბაგრატს, არამედ მთლიანად საქართველოს კულტურულ ძეგლებს და მემკვიდრეობას”, - აცხადებს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ეს საკითხი სიმბოლო გახდა ერში არსებული დღევანდელი ყველა სენის - ერთი ადამიანის გემოვნების საფუძველზე და სხვა აზრის გათვალისწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები, ეკლესიის გვერდის ავლით იმ საკითხებში, რომელიც მას უშუალოდ ეხება, საზოგადოების სრული გვერდის ავლით ჩუმად დაწყებული და ფაქტობრივად, უკვე დამთავრებული პროექტების წარდგენა.
“რეალური საფრთხის გასაგებად რამდენიმე ფაქტი საზოგადოებას უნდა მიეწოდოს: 1. იუნესკოში არსებობს ორი ნუსხა. ერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, რომელშიც ბაგრატი - გელათთან ერთად როგორც ერთი და განუყოფელი კომპლექსი (ეს გარემოება მეტად საყურადღებოა) ჩაწერილ იქნა 1994 წელს (ანუ სააკაშვილის ჟამთაღრიცხვამდე!). მეორე ნუსხა კი "საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის". ამ მეორე სიაში გადაჰყავთ ის ძეგლები, რომლებსაც პირველი სიიდან ან ბუნებრივი კატასტროფის ან სხვა გარემოებების და უფრო ხშირად, არასწორი კონსერვაციის ზომების გამო ავთენტურობა და ღირებულება ეკარგებათ. სწორედ ამ მეორე სიაში გადაყვანილ იქნა ბაგრატი და გელათი 2010 წელს დაწყებული და შეუთანხმებელი სამუშაოების შედეგად.
ამ მეორე სიიდან ამოწერა ხდება ორი და მხოლოდ ორი გზით: ან მოკლე ვადაში ძეგლი უბრუნდება (იმის მერე, რაც იუნესკოს რეკომენდაციები შესრულებული იქნება და არა სწორი რეკონსტრუქციის შედეგები გამოსწორებული) მთავარ სიას. ან მეორე: თუ იუნესკომ ჩათვალა, რომ შეუქცევად პროცესებს ჰქონდა ადგილი და ძეგლის მსოფლიო ღირებულების გადარჩენას ვეღარ შეძლებს - საერთოდ და სამუდამოდ სიიდან ამოიღებს.
ეს მეორე გზა ემუქრება ბაგრატს და აქ არის მგლის თავი დამარხული.
2. ამ სესიაზე (რომელიც დღეს იწყება პეტერბურგში) არ მოხდება ბაგრატის სიიდან ამოღება... არა იმიტომ, რომ იუნესკო უცებ ეთანხმება ხელისუფლების ხედვას და მოქმედებას. ბაგრატის შესახებ მათი დასკვნა (და არა ერთი არაკომპეტენტური ექსპერტის) ერთმნიშვნელოვად გამოიხატება მოცემულ ტექსტში: "შეუქცევადი პროცესი" "ბაგრატის ავთენტურობა დაიკარგა", " მსოფლიო ღირებულება ვერ დავიცავით". ვაჩეიშვილს და სხვებს მივანდოთ ახსნა-განმარტება, თუ რატომ მიაჩნია ეს ყველაფერი სწორად, ხოლო იუნესკო - არაკომპეტენტურად. ჩვენ ის უნდა გვადარდებდეს, რომ ბაგრატის ბედი გადაწყვეტილია, თუნდაც ამის ფორმალიზაცია გადავადებულია . ეს გადავადება არ გეგონოთ ხელისუფლების დიპლომატიურ წარმატებას ან მის რიგით " გამარჯვებას" მიეწერებოდეს, თუმცა ამის ასე წარმოდგენის მცდელობა უთუოდ იქნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იუნესკოს და საერთაშორისო ინსტანციების კეთილი ნების გამოხატვა, რათა ჩვენი უგუნურობის მიუხედავად, გელათი არ ჩაჰყვეს ბაგრატის ბედს დავიწყებაში.
ამიტომაც იუნესკო მოითხოვს საქართველოსაგან 2013 წლის თებერვლამდე შეიმუშავოს გეგმა, თუ როგორ გაიმიჯნოს გელათი ბაგრატისაგან.... რათა შეძლონ გელათის სიაში დატოვება თუნდაც ბაგრატის გარიცხვის შემდეგ. გელათის გადარჩენაზე ზრუნავს “არაკომპეტენტური” იუნესკო. 3. გადავადება მხოლოდ გადავადება არის. იუნესკოს გადაწყვეტილებაში არ ფიგურირებს ახალი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილება განაპირობებდა ბაგრატის საკითხის გადახედვას. ამდენად, კამათი და ვითომც კომპრომისები ლიფტის მოხსნაზე და შუშის ფლიგელის შეცვლაზე შიდა მოხმარებისათვისაა განკუთვნილი და არა იუნესკოს შეხედულებების გასათვალისწინებლად.
4. ბაგრატის ტაძრის შეუქცევადი და უხარისხო რეკონსტრუქციით არ თავდება ჩვენი ძეგლების ეპოპეა. მცხეთის საკითხი არანაკლებ საგანგაშოა. მცხეთაც მიღებული იქნა მსოფლიო მემკვიდრობის ნუსხაში 1994 წელს და 2009 წელს გადატანილი ასევე საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების ნუსხაში. საფრთხე ასე არის აღწერილი იუნესკოს დოკუმენტებში: არასწორი მართვის მექანიზმი, შემოგარენი მიწების პრივატიზაცია და ავთენტურობის დაკარგვა არასწორი რესტავრაციის სამუშაოების შედეგად... მცხეთასთან მიმართებაში აქცენტი მტკვარის სანაპიროს სვეტისცხოველის და ჯვარს შორის მდებარე ტერიტორიის მდგომარეობაზე, რომელიც მთლიანად ძეგლის სტატუსით სარგებლობს და სადაც არანაირი ახალი ნაგებობები არ უნდა აშენებულიყო რათა ისტორიული ლანდშაფტი დაცული ყოფილიყო. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამის მიუხედავად 2012 წელს ახალი პოლიციის, სასამართლო და საკონფერენციო შენობები აგებულ იქნა სწორედ ამ ადგილას, იგეგმება ახალი მუზეუმის და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. აშენდა სვეტიცხოვლის შესასვლელში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი. მშენებლობები მიმდინარეობს ანგარიშის თქმით, " ყველაზე მნიშვნელოვან პერიმეტრში ანუ იმ ვიზუალურ კორიდორში, რომელიც სვეტიცხოველს და ჯვარს აერთიანებს". იუნესკო სპეციალურად იმასაც აღნიშნავს, რომ არ მიუღია არანაირი გაფრთხილება, სანამ ეს დაიგეგმებოდა და შესრულდებოდა. მცხეთის მიმართ ასევე ჯერ კიდევ შენარჩუნებული იქნება სტატუსი საფრთხეს ქვეშ მყოფი ძეგლის , თუმცა იუნესკო გამოთქვამს შეშფოთებას მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო და ითხოვს მათ შეჩერებას და ახალი გეგმის წარდგენას, რომელიც გაითვალისწინებს, რომ მცხეთა და ჯვარი კომპლექსურად იყოს განხილული მათი მეტად მგძნობიარე გარემოთი და გეგმა შესათანხმებლად წარდგენილ იყოს.
ბაგრატისგან განსხვავებით, აქ ჯერ შეუქცევად პროცესად არ არის მიჩნეული მიმდინარე მშენებლობა, მაგრამ რა მოხდება და მომავალ განხილვაზე რა მდგომარეობაში იქნება ეს უნიკალური ძეგლთა კომპლექსი, მთლიანად ჩვენ საზოგადოების სიფხიზლეზე იქნება დამოკიდებული. ბაგრატი იმას გვიქადის, ჩვენ თუ არ დავიცავთ ჩვენს ძეგლებს, საქართველოს მთავრობისგან იუნესკოც კი ვეღარ დაიცავს.
5. ბაგრატის ტრაგედიას კიდევ სხვა შედეგები მოჰყვება: რა იმედი ან პრეტენზია შეიძლება გვქონდეს რომ იუნესკოს ჩარევით და დახმარებით შევძლებთ მომავალში აფხაზეთის ან ტაო-კლარჯეთის ეკლესიების გადარჩენას, როცა საერთაშორისო ჩარევის გარეშე ჩვენ არ მიგვესვლება. ვინ დაგვეხმარება ან დახმარების ღირსად ჩაგვთვლის, როცა ყოველდღიურად ვამტკიცებთ რომ თვით საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ვიცავთ ჩვენს ძეგლებს? რა იმედი უნდა გვქონდეს ჯვრის მონასტრის გადარჩენისა, სადაც ჩვენი დიპლომატიის “მიღწევაა”, რომ საერთოდ ქართული წარმოშობა ნახსენები აღარ არის დაფაზე და რუსთველის ფრესკა და სხვა წარწერებს ვერ ვიცავთ. 6. და ბოლოს, ისიც უნდა იყოს ნათელი, რომ არათუ დღეს ვკარგავთ ჩვენი მემკვიდრეობის აღიარების და დაცვის საშუალებას ამ ძეგლების დღეს თუ ხვალ სიიდან ამოღებით, არამედ ხვალინდელ შანსებსაც ვუკარგავთ ჩვენს შთამომავლებს რომ სხვა არანაკლები ძეგლები შეტანილ იყოს მსოფლიო სიაში; ნეკრესი, უბისის ფრესკები, ატენის სიონი, სვანეთის ხატები და კიდევ რამდენი. ცნობილია, რომ ქვეყანა რომელიც აღარ სარგებლობს იუნესკოს და საერთაშორისო მეგობრობის ნდობით კულტურის დაცვის სფეროში, იმისთვის ახალი ძეგლების წარდგენა და მათი აღიარება ძალიან რთულდება”, - წერს ზურაბიშვილი და ხელისუფლებას კითხვას უსვამს: “იკარგება საქართველოს მემკვიდრეობა, ასევე მისი ტურისტული პოტენციალი, სადაც ავთენტურობა წაშლილია და უგემოვნება სუფევს. რას ემსახურება ეს? ვინ გეგმავს და ვინ სარგებლობს?”
ზურაბიშვილი კულტურული ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით რეკომენდაციებითაც გამოდის. “პირველი: საქართველოს პარლამენტმა (ცხადია ახალმა) სასწრაფოდ შეიმუშავოს იუნესკოს თხოვნის თანახმად და ნებისმიერ ცივილიზებულ ერის მსგავსად ეროვნული კანონი ქართულ და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისათვის. მეორე: ახალ ხელისუფლების პირობებში სასწრაფოდ შეიქმნას ეროვნული კომისია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე წარმოდგენილი იქნება - ხელისუფლება და ყველა სამინიტრო, ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები. მესამე: რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და მათი მომავალი თაობების საგანძურის დაცვას თავის მიზნად მიიჩნევს და ბოლომდე დაიცვას.
სანამ საქართველოში ასეთი ორგანიზაცია შეიქმნება და ვინმე ჩვენი ერის ინტერესების დაცვას იკისრებს, ჩემი თავი ჩავთვალე ვალდებულად რომ იუნესკოს გენერალურ დირექტორის მოადგილისათვის გამეზიარებინა ეს მოსაზრებები და ქათველი ხალხის ღრმა წუხილი, რათა არავინ ჩათვალოს, რომ საქართვლოში ბარბაროსების გარდა არავინ დარჩა”, _ ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.


















